თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს, რამდენად სამართლიანად ხდება სოციალურად დაუცველთა ,,ბაზის გაწმენდა“

პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ მონიტორინგი გაუწიოს სოციალურად დაუცველთა „ბაზის გაწმენდას”, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
თეონა ჭალიძის თქმით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველმა შეისწავლოს საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე პრაქტიკები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
„სოციალური მომსახურების სააგენტომ ინტენსიური გადამოწმებების შედეგად მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა მოუხსნა 133 324 ადამიანს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თითქოს 39 530 ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა… ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომლებსაც საარსებო შემწეობის ოდენობა შეუმცირდათ, რადგან ზოგს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაეზარდა იმდენად, რომ საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა, მაგრამ თანხის ოდენობა შეუმცირდა.
პროგრამას ისედაც არაერთი ხარვეზი აქვს, რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვერ ხედავს და საბაზისო დახმარების გარეშე ტოვებს… ამიტომ ზოგი განაცხადსაც კი აღარ აკეთებს, იმედი აღარ აქვს…
მაგალითად, ისედაც უსამართლოა ის, რომ 16 წლის ბავშვებს უხსნიან საარსებო შემწეობას, მათ შორის შშმ ბავშვებსაც, ამ ასაკში ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან…
მაგალითად, უსამართლოა ის, რომ ზამთარში კომუნალური გადასახადის ოდენობა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, ანუ სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეშის ყიდვა ძვირი უჯდება და ერთიანად ვერ ყიდულობს, ამიტომ ბუნებრივ აირს მეტს მოიხმარს და ამას არავინ ითვალისწინებს… არც იმას ითვალისწინებენ რომ ზოგს ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად ელ-ენერგიას უფრო მეტს მოიხმარს ზამთარში…
მაგალითად უსამართლოა ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ ითვალისწინებენ…არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ამბობენ რომ დეკლარაცია არასწორად შეუვსეს და ზოგიერთი სოციალური აგენტი ვარაუდით წერს მასში რაღაცებს…
სოციალური მომსახურების სააგენტო საზოგადოებასთან მასშტაბური ,,ბაზის წმენდის“ შესახებ დეტალურ ახსნა-განმარტებას არ აკეთებს, თუ რა კონკრეტული საფუძვლებით მოხდა ამდენი პირისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა.
ასევე საყურადღებოა მოქალაქეთა ჩივილები სოციალური აგენტების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა მხოლოდ თვითშემოქმედება არ იყოს და მათ ჰქონდეთ ხელმძღვანელობისგან არაფორმალური მითითება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვიტონ ან შეუმცირონ საარსებო შემწეობა, რაც სწორედ აგენტების მიერ შევსებულ დეკლარაციაზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს საარსებო შემწეობის შეჩერება -შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე პრაქტიკები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
მივმართავ სახალხო დამცველს რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს და შეისწავლოს რამდენად სამართლიანად ხდება ,,ბაზის გაწმენდა“ როგორც თავად უწოდებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ ბაზის გაწმენდაზეა დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა და ბრძოლა გადარჩენისთვის…
სოციალური პროგრამების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება და სიღარიბის მაჩვენებელი სტატისტიკების ხელოვნური მართვა უნდა დასრულდეს.
ინფორმაციისთვის, ამჟამად საარსებო შემწეობას იღებს 576 902 პირი – 145 391 ოჯახი“,- აღნიშნა ჭალიძემ.