ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
მისი განმარტებით, წლის პირველ ნახევარში სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 3 600 000 მგზავრამდე შეადგინა.
„მთელს მსოფლიოში ავიაცია მზარდი სექტორია, საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება ეს ზრდა. გასული წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, განხორციელებული ინვესტიციები და ავიაკომპანიის მხრიდან დაინტერესება ამის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა მსხვილი საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოში ძალიან მზარდია და მოხარულები ვართ, რომ ამ მოთხოვნებს ფეხდაფეხ მივყვებით“, – განაცხადა მოსეშვილმა.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც აეროპორტების განვითარების მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესებისა და მოლაპარაკებების კუთხით, რათა საქართველოში უფრო მეტი ფრენა განხორციელდეს და უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი.
„ჩვენ ვვითარდებით როგორც აეროპორტების კუთხით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესებისა და მოლაპარაკებების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში უფრო მეტი ფრენა შესრულდეს, უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ კომფორტულად, უსაფრთხოდ იმგზავრონ,“ – აღნიშნა მოსეშვილმა.
მისი განცხადებით, ავიაციის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სექტორის გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას.
„ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის იმ პაკეტს და იმ შეთავაზებას უცხოელებისთვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, ტურისტული სექტორი მზარდია, მზად ვართ, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მოგზაურებს, კმაყოფილი დავაბრუნოთ თავიანთ ქვეყნებში და ისევ დაველოდოთ გაზრდილ მგზავრთნაკადს,“ -აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.