3 თვის კნუტი ბანკის მძარცველების „თანამზრახველი“ გახდა

NBC-ის ცნობით, აშშ-ში სამი თვის კნუტი, სახელად მაგნოლია, ბანკის ძარცვის მცდელობისას გამოიყენეს.
CCTV კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ შევიდა თეთრი მაისურითა და შავი ქუდით ჩაცმული მამაკაცი ბელტსვილში, მერილენდის შტატში, შინაური ცხოველების მაღაზიაში და რამდენიმე წამში გამოვიდა, საიდანაც შავ-თეთრი კნუტი გაიტაცა. თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილი იმავე სავაჭრო ცენტრში მდებარე ბანკში გაიქცა.
ადგილობრივი კატების სამაშველო ჯგუფის წარმომადგენელმა სტეფანი სტუელიჩმა განაცხადა, რომ მან შინაური ცხოველების მაღაზიის თანამშრომლისგან ზარი მიიღო, რომელმაც შეატყობინა, რომ ვიღაცამ მაგნოლია მისი ვოლიერიდან მოიპარა. სტუელიჩი ადგილზე გაიქცა. როდესაც ის მივიდა, სამართალდამცველები შენიშნა.
„ვხედავ ამდენი პოლიციის მანქანას და ვფიქრობ: „ვაუ, რა საოცარი რეაგირებაა კატის ქურდობის შესახებ შეტყობინებაზე“. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ყველა ბანკისკენ მიდიოდა. მალევე, ოფიცრები დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ ბანკში კატა იყო. როგორც ჩანს, ის ბანკში შევიდა კნუტით ხელში, მიუახლოვდა თანამშრომელს და სთხოვა, კატა დაეჭირა. შემდეგ მან წერილი დაწერა და მოლარეს გადასცა. წერილში ეწერა: „მომეცი მთელი ნაღდი ფული“, – განმარტა სტუელიხმა.
პრინს ჯორჯის ოლქის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბანკში მამაკაცი დააკავეს. შინაური ცხოველების მაღაზიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ის რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად მოდიოდა და ყოველთვის კნუტთან მიდიოდა.