მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 01:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების დაკითხვაზე – ეს არანაირი მოწმეთა ჩვენებები არ იყო, იყო იმ პოლიტიკური პარტიის წევრების პოლიტიკური განცხადებები, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების

IPN.ge July 14, 2026 10:27 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ეს არანაირი მოწმეთა ჩვენებები არ იყო, იყო იმ პოლიტიკური პარტიის წევრების პოლიტიკური განცხადებები, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების და სურს ამოიღოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრებს, რომელთა მიმართვის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, პროკურატურაში განცხადების შეტანა “დაავალეს”.

„დღეს რაც ვნახეთ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მოწმეების ჩვენებად, წარმოუდგენელია.

ეს არანაირი მოწმეთა ჩვენებები არ იყო, იყო იმ პოლიტიკური პარტიის წევრების პოლიტიკური განცხადებები, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების და სურს ამოიღოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი. ამას მოწმის ჩვენება ვერ დაერქმევა. მათ თქვეს, რომ ტელევიზიით ნახეს ჩვენი განცხადებები, არ მოეწონათ და პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს განცხადებები და ქმედებები არ იყო მათ შეხედულებებთან შესაბამისობაში.

მათი პოლიტიკური შეხედულებები მოვისმინეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ამ პარტიის წარმომადგენელთა მხრის აზრით, არ უნდა მიისწრაფვოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ცხადია, ამ ადამიანებს პროკურატურაში განცხადების შეტანა თავში არ მოსვლიათ, ისინი წაახალისეს, რომ განცხადება შეეტანათ და გარიეს ამ გაუგებრობაში და სამწუხაროა, რომ ასეთ რამეს ვაკვირდებით, რომ ადამიანები წარმოუდგენელი მოტივაციითა და განზრახვით მზად არიან, ქვეყნის ინტერესების წინააღდეგ გადადგან ნაბიჯი და უდანაშაულო ადამიანების წინააღდეგ მისცენ ჩვენებები”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.