ბორის ჩელე ყურუა – ვინ გველაპარაკება შეურაცხყოფაზე?! ადამიანები, რომლებმაც ნახევარ საქართველოს დაურეკეს და აგინეს პოლიტიკური პოზიციის გამო – თუ ვინმე სიძულვილის ენის კულტივირებას ახდენს, თავად „ქართული ოცნებაა“

ვინ გველაპარაკება შეურაცხყოფაზე?! ადამიანები, რომლებმაც ტელეფონის ნომრებზე ნახევარ საქართველოს დაურეკეს და აგინეს პოლიტიკური პოზიციის გამო; ადამიანები, რომლებსაც ტროლების და ბოტების ქარხანა აქვთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, იურისტმა ბორის ჩელე ყურუამ ჟურნალისტ, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ბორის ჩელე ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუ ვინმეა ისეთი, ვინც სიძულვილის ენის კულტივირებას ახდენს, ეს თავად „ქართული ოცნებაა“.
„ამ საკითხზე რთულია ვისაუბრო როგორც იურისტმა, იმიტომ, რომ აქ სამართლებრივი არგუმენტები უძლურია. ადეკვატური ადამიანი ისედაც უნდა ხვდებოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ვინ გველაპარაკება შეურაცხყოფაზე?! ადამიანები, რომლებმაც ტელეფონის ნომრებზე ნახევარ საქართველოს დაურეკეს და აგინეს პოლიტიკური პოზიციის გამო; ადამიანები, რომლებსაც ტროლების და ბოტების ქარხანა აქვთ, რომლებიც სიძულვილის ენის კულტივირებით არიან დაკავებულები. ვინმე ხმას თუ ამოიღებს, ეს ხალხი უვარდება და იწყებენ გინებასა და ლანძღვას. თუ ვინმეა ისეთი, ვინც სიძულვილის ენის კულტივირებას ახდენს, ეს თავად „ქართული ოცნებაა“, – აცხადებს ბორის ჩელე ყურუა.
მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსები არამიზნობრივად იხარჯება.
„ყოველდღე ვხედავთ, თუ რაში იხარჯება ჩვენი გადახდილი გადასახადები. მაგალითად იმაში, რომ შეიქმნა სააგენტო, სადაც ადამიანები „სქრინავენ“ და „სქროლავენ“. ვახო სანაია გაუშვეს ციხეში 14 დღით. ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფული იმაში, რომ ვახო სანაია სადღაც ჩაკეტილი ჰყავდეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას თავისი სახელით არ იღებს ან „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხახლის სახელით, არ მგონია ქართველ ხალხს უნდოდეს ადამიანები „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო ციხეში გაუშვან“, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუა.