მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 22:34
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი – გამოძიების დაწყების მოთხოვნის მიზანი იყო ის, რომ არ მისულიყო საქმე სამოქალაქო ომამდე, რაც გავიარეთ – მოწოდებები შეიცავდა ძალიან რეალურ საფრთხეს, ჩემი მიზანი იყო, ამ ყველაფრის პრევენცია მომხდარიყო

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 21:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

მე [ე.წ. საბოტაჟის] საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ სასამართლოშიც განვაცხადე, რომ თუ აღმოჩნდება, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ეს არ დადასტურდა, მე მხოლოდ კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ეს დადასტურებულია, დამნაშავეებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ,- ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც დღეს მოწმის სახით დაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ გელა ნიკოლაიშვილი „ნეიტრალური საქართველოს” იმ წევრებს შორისაა, რომელთა განცხადების საფუძველზე პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საბოტაჟის ბრალდებით საქმე აღძრა. გელა ნიკოლეიშვილი განმარტავს, რომ მათი მხრიდან გამოძიების დაწყების მიზანი იყო ის, „არ მისულიყო საქმე სამოქალაქო ომამდე”.

„ბუნებრივია, ინფორმაცია იყო ჩემი გამოკითხვის ოქმთან, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იყო კითხვები იმის შესახებ, რას ვთვლიდი მე დანაშაულად და რა შეიძლებოდა არ ჩამეთვალა დანაშაულად. კონკრეტულად მე ვუპასუხე, რომ თუ რაღაცა კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზე, წამებაზე, თუ სხვა რამე შელახვაზეა ლაპარაკი და უცხოელებს აწვდი ინფორმაციას, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს ამას ჩვენ თვითონაც ვაკეთებდით ყოველთვის და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ დანაშაული არის ის, რომ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან, თუნდაც უვიზო რეჟიმის გაუქმება, კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, პარლამენტის პარალელური სტრუქტურები შექმნა – ეს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და არა, კონკრეტულად უფლებადაცვითი საქმიანობა. ასევე, ის, რომ გაამართლო შეტევა სახელმწიფო დაწესებულებებზე მოწოდება, რომ კოლაფსი მოხდეს, სტრუქტურები ჩამოიშალოს და საბოლოო ჯამში, მოახდინო ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდება, ეს ყველაფერი მიმაჩნია დანაშაულად. ეს არ იყო მოსაზრებები, ეს იყო საჯარო ინფორმაციებიდან გამომდინარე, რომელიც ფაქტობრივად, იმ პერიოდში ყოველდღიურად ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება, რაც მე მივიჩნიე იმად, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც დანაშაულის ნიშნები, ოღონდ, ხაზგასმით მათაც ვუთხარი და ვიმეორებ, რომ ეს იყო მხოლოდ საჯარო ინფორმაცია.

მე დაკითხვის დროსაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნის მიზანი იყო ის, რომ არ მისულიყო საქმე სამოქალაქო ომამდე, რომელიც ჩვენ გავიარეთ – ერთი სახელმწიფოს გადატრიალება, მეორე გადატრიალება და ასეთი მოწოდებები შეიცავდა ძალიან რეალურ საფრთხეს.

პარალელური სტრუქტურები იქნებოდა, თუ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა, ეს შეიცავდა სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს და ჩემი პირადი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის პრევენცია“,- აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.