მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 01:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გიორგი ბუტიკაშვილი – ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად ყველა პარტია გავაერთიანოთ ერთ კალათაში, ვინც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს – დარწმუნებული ვარ, არც „ლელოს“ და არც გახარიას არ უნდათ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა

IPN.ge 1 აგვისტო, 2026 · 20:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პარტია უნდა გაერთიანდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ინიციატივის გარშემო.

მისი თქმით, ამას ემხრობა ალიანსი და მუშაობენ, რომ ამ ინიციატივის გარშემო გააერთიანონ ყველა ის პარტია, ვინ ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, არჩევნები, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, სინამდვილეში არის სპეცოპერაცია. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არც პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“ და არც „ლელოს“ ამ „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის მღება არ სურთ.

„ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანაა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად პარტიები არ ფუძნდებიან და სხვა ამოცანა არ აქვს პარტიას, გარდა იმისა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მოიპოვოს ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ ან გამოცხადებულ არჩევნებს, იმ წესებით, რომელიც მათ დააწესეს, არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები. ეს არის ე.წ. სპეცოპერაცია, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ქმნის დემოკრატიის ფასადს. რუსეთშიც ტარდება არჩევნები, მაგრამ იქ რეალურად არჩევნები არ ტარდება. ზუსტად იგივე მოდელს დაამსგავსა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო ცვლილებების ფონზე. ამიტომ, ნებისმიერი პარტია, რომელიც იტყვის, რომ ის იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ეს ინიციატივა, როგორც ალიანსს ჰქონდა დაყენებული თავისი ექვსი პუნქტით და ამას გამოეხმაურა „ჯერ საქართველო“, არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ახალმა შექმნილმა პარტიებმა ასევე უნდა გაიზიარონ ის პრინციპები, რასაც იზიარებს ალიანსის პარტიების რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, რომ არც „ლელოს“ და არც გახარიას არ უნდათ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ ასევე იმაშიც, რომ „ლელოს“ და გახარიასაც აქვთ სურვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ნებისმიერი პარტია უნდა გაერთიანდეს ამ ინიციატივის გარშემო. ამას ვემხრობით ჩვენ და ცხადია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაქსიმალურად ყველა პარტია გავაერთიანოთ ერთ კალათაში, ვინც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.