გიორგი შარაშიძე: გვარამიას მოვუწოდებ, ასეთი ფაქიზი თემის მიმართ, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ნუ გააკეთებს ორაზროვან, ბუნდოვან განცხადებებს, რომელიც შეიძლება, „ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს

ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინმე ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს, მას სათანადო პასუხი გაეცემა, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და დღესაც არის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქ უნდა დაისვას წერტილი. ვინმე ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს, მას სათანადო პასუხი გაეცემა, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან. ნიკა გვარამიას მოვუწოდებ, ასეთი ფრთხილი, ფაქიზი და უმნიშვნელოვანესი თემის მიმართ, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ორაზროვან და ბუნდოვან განცხადებებს, რომელიც მერე შეიძლება, გამოიყენოს „ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ, ნუ გააკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, ეს არის ჩვენი პოზიცია და ნამდვილად არ მაინტერესებს, რას იტყვის ნიკა გვარამია“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.