“როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრო“ – საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დანაბარები და წინასწარმეტყველური განშორება მეუღლესთან

“იქართველეთ, ქართველებო, ქართველობას გაფიცებთ“, – ეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სიტყვებია. რამდენიმე დღის წინ გურიაში, გომის მთაზე, ერთ-ერთ მწვერვალს მთავრობის დადგენილებით, მისი სახელი მიენიჭა. ინიციატივა შეიარაღებული ძალების ვეტერანს დიმიტრი ქართლელიშვილსა და თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ეკუთვნის. ზაზა დამენიას მეუღლისთვის, ხათუნა ხუხუნაიშვილისთვის, ეს დღე სიხარულთან ერთად მძიმე ემოციებსაც უკავშირდება.
“ეს დღე ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და ემოციის დღეა. წლები გადის, მაგრამ ზაზას გმირობა, სამშობლოსადმი სიყვარული და თავდადება კვლავ ცოცხლობს ადამიანების გულებში. მისი სახელი დღეს უკვე მთის მწვერვალსაც ამშვენებს იქ, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდება. ერთდროულად განვიცდი სიხარულსა და ტკივილს. ზაზა ჩემთვის მოუშუშებელი ჭრილობაა, თუმცა ასევე ჩემი სიამაყეა.“ – ამბობს ხათუნა ხუხუნაიშვილი.

“ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო“ – ბოლო ბრძოლა ცხინვალის მისადგომებთან
ზაზა 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში, 1995 წელს კი შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი იყო. მცირე პაუზის შემდეგ, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისევ სამხედრო კარიერას დაუბრუნდა და 2002 წლიდან მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქ ქვეით ბატალიონ “კომანდოში“ ირიცხებოდა.
2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებებისას, ზაზა ფრონტის წინა ხაზზე იდგა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქებისას მხედველობა დაუზიანდა, თუმცა პოზიციების დატოვებაზე უარი განაცხადა:
“წიგნის კითხვა აღარ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ, და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო!“

5 აგვისტოს, გამთენიისას, რუსულ-ოსურმა ბანდფორმირებებმა ქართველების სანგარში ხელყუმბარა ჩააგდეს. 32 წლის კაპრალი არც კი დაფიქრებულა, საკუთარი სხეულით გადაეფარა აფეთქებას და სიცოცხლის ფასად იხსნა თანამებრძოლები. იმ ავბედით დღეს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
წინასწარმეტყველური განშორება და პირადი ჩანაწერები
თითქოს წინასწარ გრძნობდა დასასრულს. როგორც ოჯახი იხსენებს, ერედვში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად მივიდა სახლში, მეუღლეს ჩაეხუტა და უთხრა: “ვინ იცის, კიდევ როდის გნახავთ… როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრო“. უკანასკნელად ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და პირობა დადო, რომ 16 აგვისტოს სახლში დაბრუნდებოდა. ოჯახში დღემდე ინახება მისი პირადი ჩანაწერები, რომლებიც მებრძოლის სულიერ სიღრმეს ასახავს: “ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი… ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა… ბევრ მწარე მოგონებას იტევს… ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს… ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა.“
“მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს… ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს… თუ მთლად განწირული არა ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა.“
მკაცრი შინაგანი წესრიგი და წიგნისადმი სიყვარული
დედა, ციური წერეთელი, და და, ხათუნა დამენია, იხსენებენ, რომ ზაზა ბავშვობიდანვე განსაკუთრებული დისციპლინით ცხოვრობდა. მუდამ მოწესრიგებული, პიჯაკითა და პერანგით დადიოდა, ტანსაცმლის გაუთოებასაც კი არავის ანდობდა. განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს ისტორია. “თითქოს იმისათვის ემზადებოდა, რომ გმირულად დაღუპულიყო. საქართველოს ისტორიაში თუ ვინმეს გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ყველას ამბავი იცოდა. წავიდოდა ბიბლიოთეკაში, მოიტანდა წიგნებს, თავად ხომ კითხულობდა და მერე მეც მაძალებდა, შენც წაიკითხეო…“ იხსენებს ხათუნა დამენია. დისთვის უჩუქებია ბოლო წიგნიც – ქართველი ერის გამრავლებაზე. ხშირად ეუბნებოდა: “კიდევ გააჩინე შვილები, ერს გამრავლება სჭირდებაო“.
აფხაზეთის იარები და უყურადღებობით გამოწვეული ტკივილი
1992 წელს, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ზაზა დამენია ახალი შესრულებული 20 წლის სტუდენტი იყო. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასული ახალგაზრდა ფრონტის წინა ხაზზე ისე აღმოჩნდა, რომ ოჯახმა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. დედა, ციური წერეთელი, იმ მძიმე დღეებს ასე იხსენებს: “დაბადების დღე მქონდა, მისგან მილოცვა რომ ვერ მივიღე, ვიფიქრე, ალბათ, რაღაც უსაშველო სჭირს-მეთქი. მეორე დღესვე წავედი კომისარიატში.
მალევე მომივიდა ცნობა, რომ აფხაზეთში იყო, ჯანმრთელი და საღ-სალამათი. მეგონა, მიწა გამისკდებოდა… არ ეკუთვნოდა წასვლა, არც არავის დაუძალებია. დაიჩემა და წავიდა… ბოლომდე იბრძოლა, ერთი დღითაც არ დაუტოვებია თანამებრძოლები. მაშინ არც ტელეფონი იყო, არც შუქი და არც ინტერნეტი. ვინმე ოზურგეთელი თუ ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით, იმისგან ვიგებდი ჩემი შვილის ამბავს.“ ზაზა დამენია ომიდან მძიმე განცდებითა და გულნატკენი დაბრუნდა, როგორც მაშინდელ ხელისუფლებაზე, ისე პროცესებისადმი საზოგადოების გულგრილობაზე. გმირის და, ხათუნა დამენია, აღნიშნავს: “ამბობდა, აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცისო.
მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო და ჟურნალისტებიც ასე ადვილად ვერ შედიოდნენ ფრონტის ხაზზე. ომიდან რომ ჩამოვიდა, გულდაწყვეტილი ამბობდა: ჩვენ რომ პატრონი გვყოლოდა, ამ ომს აუცილებლად მოვიგებდითო.“ ფრონტის ხაზზე არსებულ ქაოსსა და გაუგებარ ბრძანებებზე იხსენებს დედაც: “ზაზა ამბობდა, ერთ სოფელს რამდენჯერმე ვათავისუფლებდითო. გავათავისუფლებდით თუ არა, მალევე გვატოვებინებდნენ დაკავებულ ტერიტორიას, მერე ისევ თავიდან გვიწევდა აღება და ბოლოს მაინც გვატოვებინებდნენო.“ ომიდან ცოცხლად დაბრუნებულ შვილს დედა ეხვეწებოდა, სამხედრო სფეროსათვის თავი დაენებებინა, თუმცა ზაზამ, რომელიც ყველაფერში დედის სიტყვას ითვალისწინებდა, ეს თხოვნა ვერ შეასრულა, სამშობლოს სამსახური მისთვის მთავარ მოწოდებად დარჩა.

სიცოცხლის გაგრძელება – “ამქვეყნად ისევ დადის ზაზა დამენია!“
ზაზა დამენიას ვაჟი, გიორგი, მამის დაღუპვისას ხუთი წლისაც არ იყო. მან განათლება სოციოლოგიურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე მიიღო, გარკვეული პერიოდი კალათბურთითაც იყო დაკავებული, თუმცა საბოლოოდ მაინც იმ სფეროს დაუბრუნდა, რომელსაც მამამ სიცოცხლე მიუძღვნა, დღეს იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ზაზას მეუღლე, ხათუნა ხუხუნაიშვილი, აღნიშნავს, რომ გიორგის პიროვნებაში მკაფიოდ ცოცხლობს მამის ხასიათი – განსაკუთრებული დისციპლინა, შინაგანი სიწყნარე და პასუხისმგებლობის ძლიერი შეგრძნება. დღეს ეროვნული გმირის სახელს ატარებს ოზურგეთის სკოლა, სადაც ის სწავლობდა, ახლა კი გომისმთის ერთ-ერთი ულამაზე მწვერვალიც. ყველაზე დიდი სიხარული და იმედი კი ოჯახში პატარა ზაზა დამენიას დაბადებამ მოიტანა. გიორგის ვაჟი შეეძინა, რომელსაც გმირი პაპის სახელი დაარქვეს. ეროვნული გმირის სახელი არც ვიწრო სანგრებში დავიწყებულა და არც მთების ნისლში დაიკარგება – სიცოცხლე ხელახლა დაიბადა და ამქვეყნად ისევ დადის ზაზა დამენია!