დეპუტატი კირა რუდიკი მიხაილ ფედოროვს – საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება დაუშვებელია – არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად

უკრაინელი დეპუტატი და პარტია „გოლოსის“ ლიდერი, კირა რუდიკი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილ ფედოროვს ეხმაურება, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
„მიხაილ ფედოროვისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კონსტიტუცია მისი თანამდებობიდან გადაყენების გამო არ შეცვლილა. საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება დაუშვებელია. არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, – წერს რუდიკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას.
„უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება? და შემდეგ, რა მოხდება, თუ ომი კიდევ ერთ, ორ, სამ წელს გაგრძელდება? შეუძლია თუ არა რუსეთს მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ თავიანთი მთავრობის არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს“, – აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.