მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 00:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ესპანეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 23:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ესპანეთსა და საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრებს კვლავ ვერ აქრობენ, ვალენსიასთან ახლოს ერთი ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქალაქ მანისესთან, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

მადრიდის დასავლეთით ხანძრის ჩასაქრობად 400-ზე მეტი მაშველი, 50 სახმელეთო და 12 საჰაერო საშუალებაა მობილიზებული.

ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მადრიდში ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ ღია ცის ქვეშ ყოფნისა და ფიზიკური აქტივობისგან, ხოლო კვამლისა და ფერფლის შემთხვევაში გამოიყენონ ნიღბები და დამცავი სათვალეები.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, წელს ტყის ხანძრებმა უკვე რეკორდული, 98 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

საფრანგეთში საცხოვრებელი სახლების დატოვება დაახლოებით 197 000 ადამიანს მოუწია, ხოლო ესპანეთში 73 000-ს. საფრანგეთში, კაპ-ფერეს ნახევარკუნძულზე, სადაც ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, მოსახლეობის ნაწილმა ტერიტორია ნავებით დატოვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მეხანძრეებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სამოქალაქო და სამხედრო რესურსი ხანძრის ჩასაქრობად არის მობილიზებული, მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.

„იმ დროს, როდესაც ცეცხლი ჩვენს ქვეყანას მძიმე გამოცდას უწყობს, საფრანგეთი აჩვენებს, რას ნიშნავს ერთიანობა. ხალხი ერთმანეთის გვერდით დგას. ჩვენ აღვადგენთ, შევაკეთებთ და საჭიროებისამებრ იმდენ ხანს ვიქნებით ხალხის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საფრანგეთს დახმარება რამდენიმე ქვეყანამ გაუწია, მათ შორის არიან რუმინეთი, ხორვატია, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია და შვეიცარია, რომლებმაც სახანძრო თვითმფრინავები, ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საფრანგეთში უკვე გაიგზავნა ხუთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, ხოლო ესპანეთში დამატებით ოთხ თვითმფრინავს გაგზავნიან.