მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 03:05
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ხელისუფლების ჩამონგრევას არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე – ბიძინა ივანიშვილი ამერიკასა და ევროპასთან დალაგების გარეშე ვერ გადარჩება

IPN.ge 28 ივლისი, 2026 · 01:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარ დღის წესრიგში მოსახლეობის წინაშე არსებული რეალურად მტკივნეული თემები უნდა დააყენოს.

„ხელისუფლების ჩამონგრევას საერთოდ არაფერი არ უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე და თავის დღის წესრიგში შემოიტანოს თემები, რაც ხალხს აწუხებს“, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება დასავლეთთან დალაგების გარეშე, თუმცა ოპოზიციაც უნდა „მოვიდეს აზრზე“.

„[ქართული ოცნება] სტრატეგიულ ბუნდოვანებას ქმნის, ვერ ახლოვდება ევროკავშირთან. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა საქართველოს კომპანიები დაასანქცირა. დაასანქცირა ყულევი, „თელასის“ და „თელმიკოს“ [არაპირდაპირი] მფლობელი. სჭირდება მესიჯი [ქართულ ოცნებას], ამიტომ ხან ერთს იძახის, ხან მეორეს. სტრატეგიული ბუნდოვანება არის ბიძინა ივანიშვილის მოედანი და სულ ასე ინარჩუნებდა. ვერ გადარჩება ბიძინა ივანიშვილი ამერიკასა და ევროპასთან დალაგების გარეშე. ჩამოინგრევა, რადგან ეს არის ხალხის განწყობა“, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ძალაუფლებას აქამდე მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზეც „ისეთივე ავტოკრატები“ არიან.

„ფედერალისტების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „რეჟიმის ჩამოშლა“ მხოლოდ მკაფიო, განსხვავებულ ფასეულობებზე აგებული დემოკრატიული ალტერნატივის გამოჩენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„აქამდე იმიტომ არ ინგრევა, რომ ოპოზიციაშიც ისეთივე ავტოკრატები არიან, რომლებიც სიტყვის გამო მაყურებელს სჯიან, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ხელისუფლებაში…

ვიდრე არ კრისტალიზირდება დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც სრულიად სხვა ფასეულობებზეა აგებული, იქამდე რეჟიმის ჩამოშლას არ უნდა ველოდოთ““, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.