მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 17:45
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლაშა ფარულავა – „ქოცებს“ ღარიბაშვილის ალაპარაკების შეეშინდათ – ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 17:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა – ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა წერს.

ფარულავას მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ალაპარაკების ეშინია.

„დღეს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე დადგა და ყველაფერზე ისაუბრა, გარდა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებისა. სინამდვილეში „ქოცებს“, მხოლოდ ერთი რამის შეეშინდათ, ღარიბაშვილის ალაპარაკების. მე და ჩემი მეგობრები ღარიბაშვილის კორუფციას რომ ვამხელდით, მაშინ კობახიძე და მდინარაძე მასზე გადაფარებული იყვნენ.

როცა კონკრეტულ ოფისებში მივდიოდით და ვაჩვენებდით, სად მუშაობდნენ თაღლითური ქოლცენტრები, მთელი „საქოცეთი“ უარყოფდა: „რა ტრანსნაციონალური დანაშაული, ეგ თაღლითური ქოლცენტრები თქვენკენ მოიკითხეთო“.

როცა ხაბე და ნადირა თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის მოპარულ ულუფებზე საუბრობდნენ, კალაძე მხრებს იჩეჩავდა და ხაბეს საკრებულოში ჯგუფურ ჩასაფრებებს უწყობდა, ზარქუებისა და სხვა კორუმპირებული ქოცების ხელით.

როცა ჩვენ ფარცხალაძის დანაშაულებს ვამხელდით და ამერიკა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს ასანქცირებდა, ივანიშვილის მთელი სისტემა მასზე იყო გადაფარებული.

როცა ლილუაშვილს მოდულთან ბრიფინგი მოვუწყვეთ და იქაურობას მთავარი ქოლცენტრი ვუწოდეთ, გვეუბნებოდნენ, ტყუილებს ამბობენო. არადა, ყველაფერი სიმართლე იყო.

ახლაც გეტყვით სიმართლეს: ივანიშვილი არის ამ უსამართლო და კორუფციული სისტემის შემოქმედი!

მისი მხრიდან ღარიბაშვილის გასრესვა, მისი ოჯახის კედელთან მიყენება და „გაპარსვა“ არამხოლოდ ამორალურია, არამედ ჩვენგან მეტ პრინციპულობას მოითხოვს.

ადამიანის განადგურება მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ამ სისტემის ნაწილი იყო, კორუმპირებული და ივანიშვილის ჯალათი.

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა.

მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა:

ბარბარა რაფალიანცის საქმიდან დღემდე. როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღდგება, დანარჩენს კანონი და სამართლიანობა გაარკვევს ანგარიშსწორებისა და ვენდეტის გარეშე.

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო. იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები“- წერს ლაშა ფარულავა „ფეისბუქზე“.