მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 12:17
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მშენებლებმა სარდაფის რემონტისას 10 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო იპოვეს – კედელში დამალული ოქროს ზოდები, მონეტების გროვა: რას მოიცავს განძი

Ambebi.ge 15 აგვისტო, 2026 · 09:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ბელგიაში, შენობის სარდაფის სარემონტო სამუშაოების დროს, მუშები შემთხვევით დამალულ ოქროს განძს წააწყდნენ, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, 7.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 10 მლნ დოლარი) შეადგენს.

შემთხვევა გასულ სამშაბათს, დილით მაშინ მოხდა, როდესაც სამშენებლო კომპანია ქალაქ სინტ-გილის-დენდერმონდეში (ბრიუსელიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე) ყოფილი ლუდსახარშის შენობაში მუშაობდა. საგანძური კედელში იყო დამალული და ოქროს ზოდებს, ოქროს ნატეხებსა და მონეტების მთელ გროვას მოიცავდა.

განძი 18 წლის სტუდენტმა, თავის კოლეგასთან ერთად დილის 8:15 საათზე, საკანალიზაციო მილების გაყვანისას აღმოაჩინა. კედლის გამოთხრისას მან თავდაპირველად მონეტები იპოვა, რომლებიც ჩვეულებრივი 1-ევროიანები ეგონა, თუმცა ოქროს ზოდებისა და ნატეხების დანახვისას მიხვდა, რომ რაღაც ბევრად მასშტაბურს წააწყდა.

აღმოჩენისთანავე კონტრაქტორებმა დაუყოვნებლივ დაურეკეს დამკვეთს (საქველმოქმედო ორგანიზაცია CAW Oost-Vlaanderen-ს ) და პოლიციას. ამ მომენტისთვის ოქრო ბელგიის მთავრობის კუთვნილ მაღალი უსაფრთხოების დონის მქონე საცავში არის გადატანილი.

პოლიციამ განძის წარმომავლობის დადგენა დაიწყო, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა იგი შენობაში. ოქროს ზოდების უმეტესობაზე 1957 და 1961 წლების დამღაა დასმული.

CAW Oost-Vlaanderen -ის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ განძის პირველადი მფლობელების მიკვლევას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ჯერჯერობით უცნობია, ერგება თუ არა რაიმე წილი თავად საქველმოქმედო ორგანიზაციას ან სამშენებლო კომპანიას.

წყარო