პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, უსამართლოდ მოქმედებდა – რაც შეეხება ევროკავშირს, ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვდა, რომლებიც ეროვნული იდენტობის დასუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა.
„ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ.
ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“.
პრემიერის თქმით, „ევროკავშირი საჯაროდ ითხოვდა და დღესაც ითხოვს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა”.
„დააკვირდით მათ დეკლარირებულ განცხადებებს, კონკრეტულ უსამართლო გადაწყვეტილებებს, აბსურდულ რეზოლუციებს, დაწესებულ სანქციებს, ორმაგ სტანდარტებს, ქართველი ხალხის მიმართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუდმივ მუქარას და იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არსებობდა და არსებობს. ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერმა.