მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 20:03
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი – „დიპ-სტეიტის“ აგენტურის მიერ რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია – როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 18:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია.

„აშკარაა, რომ „დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს.

ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის მიუხედავად, რაც პოლიტიკური საკითხია და მის მოგვარებაზე პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუტები იზრუნებენ, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია.

„რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიპ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ. ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.