მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 15:44
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 14:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია.

„პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ერთობლივი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ხვალისთის დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა, გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები მინისტრებთან.