უკრაინული მედია – ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებულება გამოსცა.
„ირინა მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდეს“, – ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულებაში.
მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას 2024 წლის მარტის შემდეგ იკავებდა.
შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ „სპეცოპერაციას ატარებდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას სამუშაო ადგილზე, ასევე, სახალხო დეპუტატის ვადიმ სტოლარის სახლშიც ჩატარდა. დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმეში უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და Sense Bank-ის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ოპერაცია „ფორესტ გამპის“ მიმდინარეობისას სქემა გამოავლეს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებმა Sense Bank-ის მეშვეობით 150 მილიონი გრივნას უკანონო ლეგალიზაცია (გათეთრება) მოახდინეს და „მიდასის“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს გირაო შეიტანეს. ჰერმან გალუშჩენკოს 150 მილიონი გრივნას ოდენობით გირაო ივნისის ბოლოს გადაუხადეს.
2025 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩისა და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ჰერმან გალუშჩენკოს სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ასევე, ბიურომ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა. მოგვიანებით, უმაღლესმა რადამ გალუშჩენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
უკრაინის ენერგეტიკისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო, რომელიც „ენერგოატომის“ გარშემო არსებულ კორუფციულ საქმეში „მიდასი“ ფიგურირებს, მიმდინარე წლის თებერვალში, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.