მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 20:45
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის მიმართავს

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 19:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის მიმართავს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, მისი შვილი მოკლეს.

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახს წევრებმა.

„ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი მე მუდამ ვიქნები მათ გვერდით. ჩვენ არ გაგვიზრდია კარგი გიგა, თამარი, კარგი ნიკო, იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურა ხელს აფარებს ყოფილ სახელმწიფო თანამდებობის პირებს.

„თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და ეს არის მისი ვაჭრობის საგანი. ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი იცის. ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ, ამას იმით ვასაბუთებ, რომ „ვილა ალგეთის“ მეპატრონე იყო იგივე ღარიბაშვილი, რომელმაც არ უარყო ნათესაური კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან. ის რამდენიმე თვის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გაქრა, კაცი, რომელიც იძახდა, რომ თქვენი შვილი მოკლესო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილი პროგრამისტის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი „მთავრობამ მოკლა“.

„ჩემი შვილი მთავრობამ მოკლა! ხომ იძახდნენ ლილუაშვილი არ არისო „ქოლცენტრებშიო“? ახლა თურმე ყოფილა. არაფერი გამოძიებულა, საერთოდ არაფერი. მოვითხოვთ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მკვლელობის მუხლით დაიწყონ გამოძიება. სხვა გზა არ არსებობს, ბევრი ფაქტი და ინფორმაცია გვაქვს ხელში. დაიწყება გამოძიება და ყველაფერს ვიტყვი, თავდაყირა დადგება ყველაფერი“,- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.