„დროგამოშვებით, ძლიერად იწვიმებს….“ – დღეების მიხედვით პროგნოზი, როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლომდე ზღვაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი დოდო გვაზავა „პრაიმტაიმთან“ შავი ზღვის სანაპიროსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელ ამინდზე საუბრობს.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.
„21, 22 და 23 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.
24 აგვისტოდან ამინდი შეიცვლება. 24-25 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ნალექი, შესაძლოა, 27-დან 29 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნოს. დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
არ არის გამორიცხული, 27, 28 და 29 აგვისტოს, ზღვაზე ტალღების სიმაღლეც გაიზარდოს. 30 აგვისტოდან პროცესების ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა 30-31 აგვისტოს ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადი იქნება და სრულ გამოდარებას არ ველოდებით“, – ამბობს დოდო გვაზავა.
როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში – სინოპტიკოსის პროგნოზი