შვედეთში, სკოლაში თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

შვედეთში, ქალაქ ფაგერსტაში, სკოლაში თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის მამაკაცია, რომელსაც ესროლეს და დააკავეს.
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც ხმლით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. როგორც მედია აღნიშნავს, ის მანამდეც იყო ნასამართლევი ძალადობისთვის.
დაშავებულთაგან ორი მოზარდი ბიჭია. ისინი მძიმედ დაშავდნენ. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან გაწერილია.
„პირველმა პოლიციელმა შენობაში შესვლისთანავე მოგვახსენა, რომ პოლიციამ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა. იგი შემდგომ დააკავეს და ამჟამად პატიმრობაშია. ოფიცრები სკოლაში იმისთვის შევიდნენ, რომ შენობა დაეცვათ და შემდგომი ძალადობა აღეკვეთათ. იქ გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს. ორი მძიმედაა დაშავებული“, – აღნიშნა ადგილობრივი პოლიციის კომისარმა ტომი ალრიკსონმა.