ეკა კუპატაძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაკავების შემდეგ

მისი დედის [ნია იმნაძის] ჩხავილიც მოისმინეთ, ალბათ, მას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს! , – ამის შესახებ მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კუპატაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაც მოხდება.
„წარმოუდგენლად ცუდად ვარ. ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილიც იყო, „ლაივში“ ვუყურე, დაიჭირეს თუ არა, არ ვიცი, შეწყვიტა ადვოკატმა „ლაივი“. ბერუაშვილსაც დაიჭერენ, ჩემი აზრით. გიგას უშუალო მკვლელებს სხვას არავის ველოდი ნიას და ბერუაშვილის გარდა.
ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს : „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“- გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს [ნია იმნაძე] მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის [ნია იმნაძის] ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, – განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.