„ეს შეიძლება ფატალური შეცდომა გახდეს…“ – რის შესახებ გვაფრთხილებს ტრავმატოლოგი

მოტომედიკი და ტრავმატოლოგი დავით კაცაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას უცხო სხეულით დაზიანებისას არასწორი ქმედებების საფრთხეზე აფრთხილებს.
„ამ მამაკაცს სახის არეში დიდი ზომის ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. საბედნიეროდ, შემთხვევის ადგილზე მისმა ახლობლებმა მისი ამოღება არ სცადეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ბევრს ჰგონია, რომ ასეთი უცხო სხეული დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ. სინამდვილეში, ეს შეიძლება ფატალური შეცდომა იყოს.
უცხო სხეული ზოგჯერ დაზიანებულ სისხლძარღვს აწვება და დროებით ამცირებს ან აჩერებს სისხლდენას. მისი დაუფიქრებელმა ამოღებამ შეიძლება რამდენიმე წამში სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.
ასეთ დროს პირველადი დახმარების მთავარი პრინციპია:
არ ამოიღოთ უცხო სხეული.
დაასტაბილურეთ იგი, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ შესაბამის კლინიკაში“,- წერს ექიმი.