“ვის ხოცავთ ხალხო, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ, ვის ოჯახებს ამწარებთ?!” – გორში დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

გორში მომხდარი ავტოავარიისას დაღუპული დედა-შვილის ნათესავი, ირმა ამბარდნიშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში მომხდარის დეტალებზე საუბრობს:
“როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მძღოლს მანქანაში ეჯდა ორი მცირეწლოვანი შვილი და ორი, მასზე უგონო მდგომარეობაში მყოფი დეიდაშვილი.
-
ისინი სასწრაფოდ გაარიდა ადგილიდან. ვითხოვთ მათ დაკავებას – ადამიანის განსაცდელში მიტოვების მუხლით უნდა აღიძრას მათ წინააღმდეგ საქმე. გაიქცნენ და მიატოვეს – იქნებ ეცოცხლა?! რატომ არ გადმოვიდნენ, რატომ არ აღმოუჩინეს დახმარება?!
გაიქცა, მერე ურჩიეს ეტყობა ოჯახმა შუქი არ იძიოსო. ერთმა აიღო პასუხისმგებლობა, დეიდაშვილები დაფარა.
ხალხო, გინდა ავტომატი გადაგიკიდიათ და გივლიათ და გინდა მთვრალებს გივლიათ. ვის ხოცავთ ხალხო, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ, ვის ოჯახებს ამწარებთ?
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მიატოვეს და გაიქცნენ”, – ამბობს გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი.
-
ცნობისთვის, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, დაკავებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.