თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
- მათი ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.