“ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელით გაუგზავნა რამდენიმე პირს” – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული დღეს დააკავეს.
“საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.
კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.