მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 16:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

კობა ფარტენაძე მასზე ძალადობისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებაზე – მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილს საზოგადოება განსჯის იმისთვის, რაც იკადრა – იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს მიკერძოებულ გადაწყვეტილებას

IPN.ge 13 აგვისტო, 2026 · 14:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ჩემმა ამბავმა ბევრ ისეთს მისცა იმედი, ვინც ასეთ სიტუაციაში ჩაგრული და მარტო დარჩენილია – მომავალში აღარ მინდა, ვინმეს ეშინოდეს ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამოღების. არ მინდა, ადამიანს ეგონოს, რომ თუ უსამართლობას შეეწინააღმდეგება, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, – ამის შესახებ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.

როგორც ჟურნალისტი წერს, ის იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

“აი, როგორები ხდებიან ქართველი „ვაჟკაცები“, როცა ბრბოსთან ერთად აღარ დადიან და მარტო რჩებიან…დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

რაც შეეხება მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილს – უფრო მეტად გონიერი და ობიექტური ეგონა ყველას, დღეს რაც იკადრა, ყველამ დავინახეთ. არა უშავს – მას საზოგადოება განსჯის. მე კი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მისნაირ მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, ჩემმა ამბავმა ბევრ ისეთს მისცა იმედი, ვინც ასეთ სიტუაციაში ჩაგრული და მარტო დარჩენილია.

მომავალში აღარ მინდა, ვინმეს ეშინოდეს ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამოღების. არ მინდა, ადამიანს ეგონოს, რომ თუ უსამართლობას შეეწინააღმდეგება, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება.

თუ დღეს ჩემი ბრძოლა ვინმეს აძლევს ძალას, რომ ხვალ თავადაც დაიცვას საკუთარი თავი, მაშინ ამ ყველაფერს აზრი აქვს.

მადლობა საქართველოს პროკურატურას, რომ მოსამართლის მხარე არ დაიჭირა და პროცესში თავისი პოზიცია დაიცვა.

და ყველაზე დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში ჩემს გვერდით დგახართ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე არ გავჩუმდები.

მე უკან არ დავიხევ.

და არავის მივცემ უფლებას, ჩაგრულ ადამიანს ეგონოს, რომ ის მარტო არის.

ეს ბრძოლა უკვე მხოლოდ ჩემზე აღარ არის”, – წერს კობა ფარტენაძე.

ინფორმაციისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა თავდასხმის შესახებ და „ფეისბუქ“ გვერდზე შესაბამისი ვიდეო დაურთო თან.

პოლიციამ კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა, რომლებიც გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.