მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:50
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ცნობები და წესები თუ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ! – ევროკომისია ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 5 აგვისტო, 2026 · 23:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ევროკომისია ევროპაში მოგზაურობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„ყველაფერი ჩალაგებულია და მზად ხართ წასასვლელად? მათთვის, ვინც მალე საზაფხულო არდადეგებზე მიემგზავრება, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი სამოგზაურო გეგმები არ ჩაიშლება, მაგრამ თუ ეს მოხდა, უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირის სამოგზაურო წესები ბევრ სიტუაციაში გიცავთ. მიუხედავად იმისა, თქვენი რეისი გაუქმდა, მატარებელი დაგვიანდა თუ ბაგაჟი საკრუიზო გემზე დაგეკარგათ, თქვენ გაქვთ უფლება შეიტანოთ პრეტენზია ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი მგზავრთა უფლებების საფუძველზე. 

უმეტეს შემთხვევაში, არსებობს სტანდარტული პროცედურა, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ გჭირდებათ პრეტენზიის წარდგენა დაგვიანების, გაუქმების ან ბაგაჟთან დაკავშირებული პრობლემების გამო:

დაუკავშირდით იმ სამოგზაურო კომპანიას, საიდანაც ბილეთი იყიდეთ, მათი მოწოდებული საჩივრის ფორმის გამოყენებით.

თუ პასუხს არ მიიღებთ 1 თვის განმავლობაში სარკინიგზო კომპანიისგან, 2 თვის განმავლობაში ავიაკომპანიისგან ან საზღვაო გადამზიდისგან, 3 თვის განმავლობაში ავტობუსის კომპანიისგან, ან თუ კმაყოფილი არ ხართ პასუხით, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ შესაბამის ეროვნულ ორგანოს იმ ქვეყანაში, სადაც პრობლემა დაფიქსირდა.

ასევე, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ევროპულ სამომხმარებლო ცენტრს (European Consumer Centre) მგზავრთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დახმარებისა და რჩევისთვის.
თუ პრეტენზიასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ შეგექმნათ, შეგიძლიათ სცადოთ დავის მოგვარება სასამართლოს გარეთ პროცედურების – ან ალტერნატიული დავის გადაწყვეტის ორგანოს გამოყენებით.

დავის გადაწყვეტის ეს ფორმა ხელმისაწვდომია მხოლოდ ევროკავშირის მაცხოვრებლებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდვის მქონე მგზავრთა უფლებები

თუ შეზღუდული შესაძლებლობა ან გადაადგილების შეზღუდვა გაქვთ, თქვენ ისეთივე უფლება გაქვთ ისარგებლოთ საჰაერო, სარკინიგზო, ავტობუსითა თუ საზღვაო ტრანსპორტით, როგორც ნებისმიერ სხვა მგზავრს. ასევე უფასოდ უნდა მიიღოთ დახმარება ტერმინალებსა და სატრანსპორტო საშუალებებში. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ ზემოთ აღწერილი წესით შეიტანოთ საჩივარი.

მალე ძალაში შევა ახალი დაცვითი მექანიზმებიც

2026 წლის ივლისში ევროკავშირმა მიიღო ავიამგზავრთა უფლებების განახლებული წესები, რაც ამ სფეროში ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური რეფორმაა.

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვების თანმხლებ სრულწლოვანთან გვერდიგვერდ განთავსება დამატებითი საფასურის გარეშე;
  •  ბილეთის დაჯავშნამდე მგზავრებს უნდა მიეწოდოთ უფრო მკაფიო ინფორმაცია ბარგის დასაშვებ ოდენობასა და შესაძლო დამატებით გადასახადებზე.
  •  კომპენსაციის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფრო სწრაფი და მარტივი პროცედურები;

  •  გაუქმებული ან მნიშვნელოვნად დაგვიანებული რეისების შემთხვევაში მგზავრების უკეთესი მხარდაჭერა და ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზება;
  •  თუ მგზავრი ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე ან ერთი რეისიდან მეორეზე გადადის, ასეთ შემთხვევებში უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა.
  •  შშმ პირთა და შეზღუდული მობილობის მქონე მგზავრთა უფლებების გაძლიერება.

 ახალი წესები, სავარაუდოდ, მომავალი ზაფხულიდან შევა ძალაში. მანამდე კი მგზავრები კვლავ ისარგებლებენ ევროკავშირში მოქმედი ამჟამინდელი წესებით“,  აღნიშნულია – ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.