მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 20:04
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 18:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება.

არასწორია პროექტის ზედამხედველის მიერ შედგენილი NCR-ის (შეუსაბამობის შესახებ ანგარიშის) „საიდუმლო ანგარიშად” წარმოჩენაც და მისთვის ისეთი მნიშვნელობის მინიჭება, თითქოს ის №6 ხიდის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნას წარმოადგენს.

NCR ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის ოფიციალური პროცედურის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტული სამუშაოს შეუსაბამობას და კონტრაქტორს ავალებს მის შესწავლასა და გამოსწორებას. №6 ხიდთან დაკავშირებით NCR ოფიციალურად გამოიცა, გაეგზავნა კონტრაქტორს და ინფორმაცია მიეწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც.

შესაბამისად, NCR-ის არსებობა კონტროლის არარსებობის მტკიცებულება კი არა, სწორედ მოქმედი კონტროლის მექანიზმის დასტურია.

აღნიშნული NCR ეხება №6 ხიდის კონკრეტულ, A1–P1–P2 მონაკვეთის 75-მეტრიან რკინაბეტონის ფილას და არა მთლიან, 218-მეტრიან ხიდს. ზედამხედველმა აღნიშნულ მონაკვეთზე დააფიქსირა ბეტონირების პროცედურისა და არმირების ცალკეული შეუსაბამობა კონტრაქტის მოთხოვნებთან. ამ ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის ნაწილია.

კონტრაქტორსა და ზედამხედველს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს გამოვლენილი შეუსაბამობები და მათი გამოსწორების მეთოდოლოგია. შეხვედრა დოკუმენტირებულია. მონაკვეთის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დაწყებულია სიღრმისეული სკანირება და მზადდება შესაბამისი ანგარიში, რომლის საფუძველზეც ზედამხედველი მიიღებს საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტილებას.

ამასთან, NCR-ის მოთხოვნები კონკრეტულ მონაკვეთს ეხება. შესაბამისად, ხიდის სხვა ნაწილებზე მიმდინარე სამუშაოების წარმოჩენა იმის მტკიცებულებად, თითქოს კონტრაქტორმა ზედამხედველის მოთხოვნის მიუხედავად პრობლემურ მონაკვეთზე მშენებლობა გააგრძელა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნებისმიერი შეუსაბამობა უნდა გამოვლინდეს, დაფიქსირდეს, სრულყოფილად იქნეს შესწავლილი და გამოსწორდეს – სწორედ ამას ემსახურება NCR-ის პროცედურაც. დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო სამუშაო სახელმწიფოს მიერ არ იქნება მიღებული.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ტექნიკური საკითხების გაშუქებისას მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობა და ნაგებობის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნა. მიმდინარე ტექნიკური პროცედურების არასწორი ინტერპრეტაცია და კონკრეტული შემთხვევის მთელ პროექტზე განზოგადებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და განზრახ თუ უნებლიედ იწვევს  პროექტის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.