ქართველი დიპლომატის საქმე, რომელმაც 29 წლის წინ, ამერიკაში ავარიისას 16 წლის გოგონა იმსხვერპლა: “შევარდნაძემ იმუნიტეტი მოუხსნა, რათა მკაცრად დასჯილიყო” – გიორგი მახარაძის “ქეისი”

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მომხდარმა საზარელმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ახალგაზრდა ქალისა და მისი 3 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაძრწუნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მაქსიმალურ სასჯელად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ტრაგედიამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა განცდა, რომ მსგავსი დანაშაულებისთვის კანონი ზედმეტად ლმობიერია. ამ ფონზე, საზოგადოებას ხშირად ახსენდება ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა, სადაც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფას, განსაკუთრებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში, ათწლეულობით პატიმრობით სჯიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მიუხედავად სტატუსისა თუ დიპლომატიური იმუნიტეტისა.
ამერიკული მართლმსაჯულება: დიანა ქუთათელაძის საქმე (2026 წელი)
ამერიკაში საგზაო წესების უხეში დარღვევისა და სიმთვრალის გამო გამოწვეულ ავარიებს უმკაცრესად სჯიან. ამის ნათელი მაგალითია სულ რაღაც ორი თვის წინ მომხდარი შემთხვევა.
ამერიკაში, ნასაუს ოლქის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი 36 წლის დიანა ქუთათელაძეს, რომელიც ოუშენსაიდიდანაა. მას ბრალად ედება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ დამტკიცებული საბრალდებო დასკვნა მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა დამამძიმებელ გარემოებებში ტრანსპორტით მკვლელობა, გაუფრთხილებლობით მკვლელობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთათელაძემ თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გირაოს უფლების გარეშე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წარსულის გაკვეთილები: გიორგი მახარაძის საქმე (1997 წელი)
დიანა ქუთათელაძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქართული საზოგადოება ამერიკული სასამართლოს სიმკაცრესა და პრინციპულობას პირისპირ შეეჯახა. ყველაზე ხმაურიანი პრეცედენტი 1997 წელს ვაშინგტონში მოხდა, სადაც მთავარი ფიგურანტი ქართველი დიპლომატი იყო.
1997 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა აშშ-ში, გიორგი მახარაძემ, თავი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმაში. მანამდე, იანვარში, მან ნასვამ მდგომარეობაში მართვისას გამოიწვია ავარია, რომელსაც 16 წლის გოგონას, ჟოვიან ვალტრიკის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა.
მახარაძეს, რომელიც საელჩოში რანგით მეორე პირი იყო, თავდაპირველად დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. თუმცა, საზოგადოებრივი წნეხისა და საქმის სიმძიმის გამო, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნა დიპლომატიური იმუნიტეტი მახარაძისთვის, რათა იგი ამერიკული კანონის სრული სიმკაცრით დასჯილიყო.
“ჩემი ქალიშვილი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ ბრძოლა ამად ღირდა, რადგან იმუნიტეტი არ ნიშნავს დაუსჯელობას,” – აცხადებდა მაშინ გარდაცვლილი გოგონას დედა, ვივიან ვაგნერი.
აღნიშნულ თემაზე, არა მხოლოდ უცხოური მედია წერდა, მაშინდელი ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა მახარაძის საქმეს. რადიო თავისუფლების მიერ, 2002 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.
“შეერთებული შტატების სასამართლომ გიგა მახარაძეს 7-დან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წელი ამერიკულ ციხეში დაყო, გიგა მახარაძე ექსტრადირებულ იქნა თბილისში, სადაც უზენაესმა სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელს იგი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იხდიდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოათავსეს.
იგი მაქსიმალურად გაურბოდა ჟურნალისტებთან შეხვედრებს, რამდენჯერმე უარი თქვა შეწყალების თხოვნით ხელისუფლებისთვის მიმართვაზე. ის იშვიათი მნახველები, ვინც გიგა მახარაძე ციხის საავადმყოფოში მოინახულა, ამბობდნენ, რომ იგი მძიმედ განიცდის მომხდარს, რამაც გარკვეული დაღი დაასვა მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი.
სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, გიგა მახარაძის ვადამდე გათავისუფლების თხოვნით სასამართლოს მიმართეს პარლამენტარებმა, სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და პატიმრის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.
27 თებერვალს, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართულ გამსვლელ სხდომაზე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა სონღულაშვილმა დააკმაყოფილა ვადამდე გათავისუფლების თხოვნა და გიგა მახარაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. ყოფილი დიპლომატის მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. ერთი ფაქტია: მომხდარის გამო სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას იგი ვერ შეძლებს. თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს არც შედიოდეს გიგა მახარაძის სამომავლო გეგმებში.“
იმუნიტეტი დაუსჯელობის წინააღმდეგ: ჰარი დანის საქმე (2019 წელი)
წლების შემდეგ, დიპლომატიური იმუნიტეტის თემა კვლავ აქტუალური გახდა, ოღონდ ამჯერად როლები შეიცვალა. 2019 წელს დიდ ბრიტანეთში 19 წლის მოტოციკლისტი ჰარი დანი დაიღუპა ავარიაში, რომლის დროსაც ავტომობილს ამერიკელი დიპლომატის მეუღლე, ენ საკულასი მართავდა. საკულასმა დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა და აშშ-ში გაიქცა, რამაც ორ ქვეყანას შორის დიდი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.
მძიმე წუთებში, ჰარის დედას სოლიდარობა გამოუცხადა სწორედ ჟოვიან ვალტრიკის დედამ, ვივიან ვაგნერმა, რომელმაც 1997 წელს თავად გამოიარა ეს ჯოჯოხეთი:
ვივიანმა მოუწოდა ჰარის მშობლებს, არ დანებებულიყვნენ:
„ჰარის დედა ახლა გლოვობს, მისი გული იმაზე მეტად მტკივა, ვიდრე ადამიანს შეუძლია აიტანოს, მაგრამ მან უნდა იპოვოს ძალა ბრძოლისთვის, რათა არავინ დაივიწყოს მომხდარი და სამართლიანობა აღსრულდეს. მე მახარაძის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ მივაღწიე სამართალს, რომ 9 თვის განმავლობაში ყოველდღე ავარიის ადგილზე პლაკატებით ვდგებოდი. არასოდეს დანებდეთ.“
რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება გორში მომხდარ ტრაგედიას და რამდენად ადეკვატური იქნება სასამართლოს განაჩენი უმძიმესი შედეგის ფონზე – ამას საზოგადოება აქტიურად აკვირდება. Ambebi.ge თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და მკითხველს საქმის დეტალებს ეტაპობრივად მიაწვდის.
წაიკითხეთ ასევე:
- ამერიკაში ბრალი წარუდგინეს 36 წლის დიანა ქუთათელაძეს, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა – “აღიარა, რომ ვისკი ჰქონდა დალეული… მისი მეუღლე ამ დრომდე მძიმედაა”
- ტრაგედიამდე 35 წამით ადრე გადაღებული კადრები – ვრცელდება გორში მომხდარი ავარიის ამსახველი კამერის ჩანაწერი, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა