შეცდომები, რომლებიც შხამის მოქმედებას აჩქარებს – ჰერპეტოლოგის გაფრთხილება

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში “ოთარი ექიმო” საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში:
– გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ დაგვაწყდა, მოვიგლეჯთ. რკინის ნივთები, საათი, სამაჯური – ყველაფერი უნდა მოვიხსნათ ხელიდან, თუ ხელზე გვიკბინა.
ასეთ დროს კიდური სივდება და მერე თითი შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. წარმოიდგინეთ, ასეთ დროს ეს ბეჭედი რას გვიზამს: შეიძლება თითი განგრენით მოგვიკვდეს. ჰოდა, პირველ რიგში, ამ ნივთებს ვიხსნით. სასწრაფოში დარეკვა თავისთავად იგულისხმება, 112-ში პირველ რიგში უნდა დავრეკოთ. შემდეგ მშვიდ პოზიციას ვიკავებთ: უნდა ვიჯდეთ ან ვიწვეთ მოკეცილი ფეხებით, როგორც ახლა ვსხედვართ, ან გადავწვეთ. მოკეცილი ფეხებით ყოფნა უმჯობესია. აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება.
წყალი ცილების განეიტრალებას უწყობს ხელს, გიურზის შხამი კი წმინდა ცილაა. ამავე დროს, წყალი უნდა გამოვყოთ კიდეც, რათა ღვიძლმა და თირკმელებმა კარგად იმუშაონ და შხამის გაფილტვრას ხელი შეუწყონ. ამასობაში, ძალიან კარგია დექსამეტაზონი. ეს მარტო ჩემი და ჰერპეტოლოგების აზრი არ არის: კომპეტენტური ტოქსიკოლოგებიც ამბობენ და, საერთოდ, სასწრაფოს როცა მივყავართ, დექსამეტაზონს აუცილებლად გვიკეთებენ. ჩვენ ამას ვიძახდით და ზოგი გვეწინააღმდეგებოდა, თუმცა დექსამეტაზონი ამ დროს ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა. ძალიან კარგია ანტიჰისტამინიც, ანუ დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინი ერთად უნდა მივიღოთ. შარდმდენიც კარგია, მაგრამ ამასობაში სასწრაფოც მოვა და არა უშავს.