მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 22:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

შიო მესამე – რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება, უფლის რწმენა ჩვენს გულში არის საღვთო სიკეთეების დიდი საუნჯის გასაღები

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 20:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ სულიერ ცხოვრებაში ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობასა და რწმენის ძალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო,

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო,

გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენებას.

დღეს ამასთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივი დაპურების შესახებ. სახარება აზუსტებს, რომ ხუთი ათასი კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ე. ი. დაახლოებით ათი ან თხუთმეტი ათასი ადამიანი მაინც იქნებოდა იქ, სავარაუდოდ.

ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას.

მოციქულებს აზრადაც არ ჰქონდათ ის, რომ შეიძლება ხუთი პურით და ორი თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდონი არიან, გავუშვათ ახლომახლო სოფლებში, რათა იყიდონ თავისთვის საჭმელიო. უფალმა უთხრა: „არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები“ (მთ. 14, 16). მოწაფეებმა გაკვირვებულმა მიუგეს: ჩვენ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს, ეს რას ეყოფა ამდენ ათას ადამიანს? (ინ. 6, 9). უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი შეპასუხება და უთხრა: „უბრძანეთ, დასხდნენ ბალახზე რიგებად“ (მარკ. 6, 39). შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და ერთია მათი მოქმედება, აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ხალხს და არა მხოლოდ დანაყრდა ამდენი ათასი ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა, თორმეტი კალათი აავსეს პურით. ე. ი. ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი.

ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენს სულიერ ცხოვრებაში: სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება, ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომც შრომობდნენ, მხოლოდ თავისი ნება-სურვილით ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე საერთოდ არ გამოვა.

გარდა ამისა, რას გვასწავლის ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის, ყველასთვის, სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთს შეუძლია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. ასევე ის, რომ უფალი არ უგულებელყოფს მცირედსაც კი. აი, ნახეთ: უფალი ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენიც სჭირდებოდა ამ ხალხს, მაგრამ მან ბევრად მეტი მისცა. ასე იქნება ჩვენს ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ვხედავთ, რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია უფლისთვის, იქნება ეს ჩვენი მცირედი შრომა, ღვაწლი, უნარები თუ შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს აუცილებლად გაამრავლებს, როგორც ეს მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში.

კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არცერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა.

რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება და, ვიმეორებ, შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას.

თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა: „თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ“ (მთ. 8, 13). ე. ი. როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთის წყალობა, იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთის წყალობა. ეს ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს! ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!

როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორ სთხოვეს უფალს, რწმენა გაგვიმრავლეო? – „გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოება“ (ლკ. 17, 5). რატომ? იმიტომ, რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალასა და მნიშვნელობაში, ამიტომაც სთხოვეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უფალმა უთხრა იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგცოდავს ადამიანი, გაუწყერი მას, ამხილე, მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიე, თუ შენდობას გთხოვსო (ლკ. 17, 3-4). ამის მერე უთხრეს მოციქულებმა: „გვიმრავლე ჩვენ რწმენა“.

თუ ისინი სთხოვდნენ ამას, მით უმეტეს, ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედმორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გვმართებს, ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს და გაგვიმრავლოს რწმენა, რომ მისი მადლით (აი, დღეს მთავარანგელოზობაა), მთავარანგელოზ გაბრიელისა და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით, გავხდეთ ნამდვილი და გულწრფელი ქრისტიანები. ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.

დღეს ჩვენ ვლოცავთ მეფარიშვილებს და ბაჯაძეებს.

ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა, სიხარული და ბარაქა თქვენს გვარებს და ოჯახებს“, – განაცხადა შიო მესამემ.