9 საათზე მეტი ძილი შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების ადრეული ნიშანი იყოს – კვლევა

თუ ღამით რეგულარულად 9 ან მეტ საათს გძინავთ, ეს ყოველთვის ჯანმრთელობის ნიშანი არ არის. ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი ძილი შესაძლოა ტვინში მიმდინარე ადრეულ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც მომავალში ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე მიუთითებს.
კვლევა ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის (UT Health San Antonio) მკვლევრებმა ჩაატარეს. მათ Framingham Heart Study-ში მონაწილე 2 410 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და მათი ძილის ხანგრძლივობა სისხლში ალცჰაიმერის ერთ-ერთ ბიომარკერს – p-tau181 ცილას – შეადარეს. სწორედ ამ ცილის მომატებული დონე ითვლება ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნად.
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც რეგულარულად 8.5–9 საათიდან 10 საათამდე ან მეტხანს ეძინათ, p-tau181-ის დონე უფრო მაღალი იყო. ეს კავშირი შენარჩუნდა მაშინაც, როდესაც მკვლევრებმა ასაკი, სქესი, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა ჯანმრთელობის ფაქტორები გაითვალისწინეს.
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ხანგრძლივი ძილი ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს. მათი თქმით, კვლევა მხოლოდ კავშირს აჩვენებს და არა მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. შესაძლებელია, პირიქით, ტვინში დაწყებული ნეიროდეგენერაციული პროცესები იწვევდეს ძილის ხანგრძლივობის გაზრდას, რის გამოც ზედმეტი ძილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანი იყოს.
პირველი ავტორის, დოქტორ ვანესა იანგის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მუდმივად 9 საათზე მეტხანს იძინებენ და თან მეხსიერების ან კონცენტრაციის პრობლემებსაც ამჩნევენ, ამ საკითხზე ოჯახის ექიმს ან ნევროლოგს უნდა ესაუბრონ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მომავალში შეიძლება დაეხმაროს ექიმებს ალცჰაიმერის დაავადების უფრო ადრეულ აღმოჩენაში. თუმცა ამისთვის დამატებითი, მრავალწლიანი კვლევებია საჭირო, რათა ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა ხანგრძლივი ძილი დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი.