“ბორჯღალოსნები” | 21 წლის შემდეგ ჩილესთან – თითქმის უცვლელი შემადგენლობით

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა – ორივე მარქაფაში.
საქართველომ ზაფხულის კამპანიის დროს მონტევიდეოში ჯერ ურუგვაი დაამარცხა 41:34, გასულ შაბათს კი ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას სძლია რეკორდული სხვაობით 33:12.
მესამე თამაშს ჩვენი გუნდი სანტიაგოში, „მაჰუიდა“-ზე მასპინძელი ჩილეს წინააღმდეგ გამართავს. პირვანდელი ინფორმაციით, ჩილესთან ლა სერენაში უნდა გვეთამაშა, მაგრამ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, შეხვედრის გამართვა სანტიაგოში გადაწყდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მატჩს ქომაგი ვერ დაესწრება.
მასპინძლებმა ერთა თასის ორივე განვლილი შეხვედრა ბონუსით (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) მოიგო: პირველ რაუნდში რუმინეთი 48:31, ხოლო მეორეში ჰონკონგი 38:17 დაამარცხა.
შედეგად, ისინი საკუთარ ჯგუფს (ჩილე – 10, აშშ – 9, სამოა – 5, ტონგა – 5, ურუგვაი – 5, კანადა – 3) ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ. 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია საქართველოც (საქართველო – 9, ესპანეთი – 8, პორტუგალია – 7, რუმინეთი – 4, ზიმბაბვე – 1, ჰონკონგი – 0) და ამრიგად, 18 ივლისს სანტიაგოში ერთმანეთს ლიდერები შეერკინებიან.
წყნარი ოკეანის კუნძულელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პიერ-ანრი ბრონკანის დამწყები შემადგენლობა უცვლელი დარჩა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე და ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებენ; მეორეში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია; ხოლო მესამეში ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია. აღსანიშნავია, რომ მესამე ხაზი ზედიზედ მესამე თამაშია უცვლელად რჩება.
ასევე მიჯრით მესამე თამაშს იწყებს ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა; ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან; ფრთებზე გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილია.
რაც შეეხება მარქაფას, აქ ერთი პოტენციური დებიუტანტია. ‘გრენობლის’ 29 წლის მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია ჩილესთან პირველ კეპს მოიხვეჭს. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში ბრუნდება მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. სამოასთან მატჩის შემდეგ კვლავ მარქაფაში არიან ვახტანგ ჯინჭარაძე, ნიკა აბულაძე, ილია სპანდერაშვილი, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე.
ჩვენ და ჩილე
ბორჯღალოსნებს ჩილეს წინააღმდეგ აქამდე სულ ორჯერ უთამაშიათ, ბოლოს 21 წლის წინ და გუნდებს შორის თანაფარდობაა. პირველად “კონდორებს” (ჩილეს ნაკრების თიკუნი) 2004 წელს სანტიაგოში შევხვდით და მასპინძლებმა 30:4 იმარჯვეს. ერთი წლის თავზე სამხრეთ ამერიკელები თბილისში, “მიხეილ მესხზე” გვეწვივნენ და სრულფასოვანი რევანში ავიღეთ – 29:6.
ახლა ჩვენს გუნდს ჩილესთან დადებითი ბალანსის შექმნის და ჯგუფში ლიდერობის გამყარების კარგი შანსი აქვთ. მოცემული მომენტისთვის საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში 73.30 ქულით მე-13 ადგილზეა. ჩილე საქართველოს ხუთი საფეხურით ჩამორჩება, 67.59 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.
ამ თამაშით ბორჯღალოსნები ერთა თასის ზაფხულის კამპანიას დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში მომდევნო სამ შეხვედრას 2026 წლის ნოემბერში, ტონგასთან, აშშ-სთან და კანადასთან საქართველოში გამართავს.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი. III რაუნდი
ჩილე. სანტიაგო. „ესტადიო ლა პორტადა“.
საქართველო – ჩილე
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გიორგი პერტაია, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.
Rugby.ge
წყარო: Sportall.ge