მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 20:39
სწრაფი სიახლე
სპორტი

ეპოქა დასრულდა – ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?

SportMedia 21 ივლისი, 2026 · 11:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

2026 წლის ამერიკული მუნდიალის ფინალი. ესპანეთის ახალგაზრდა, ბრწყინვალე თაობა მინდორზე ეწინააღმდეგება დაბერებულ ჩემპიონ არგენტინას. სამხრეთ ამერიკელებმა აირჩიეს ის, რასაც ევროპული სალონებიდან „სიბინძურეს“ ეძახიან. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ყველაფერი, სიბინძურესთან ერთად იყო სამხრეთ ამერიკული, დაუოკებელი იდენტობა, რომლის გარეშეც 106 წუთზე უიღბლო ფერან ტორესის მიერ გატანილ ყველაზე იღბლიან გოლს შესაძლოა ბევრად ადრე გადაეწყვიტა თამაშის ბედი. და მაინც, რა იღბლიანი რიცხვია ესპანეთისთვის 6, ჯერ იყო 116, ახლა კი 106 და 2026 წელი…

 

2efeb8c7900f10536ab676c4ebf86e70-1784624722.webp

 

„ფურია როხას“ ახალგაზრდა თაობამ აჩვენა, რომ თანამედროვე ფეხბურთში გაუმჯობესებულ “ტიკი-ტაკას” გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამერიკის დროშას მათთვის მეორე ვარსკვლავიც მოპარეს. თუ კი 19 ივლისის ღამეს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ არგენტინისთვის ეს გზა გარდაუვალი იყო. როდესაც შენი ნახევარდაცვა ესპანურ პრესინგს ეწირება, გადარჩენის ერთადერთ გზად ფიზიკური ბრძოლა რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხრეთ ამერიკელი ხარ. სკალონის ბიჭები უკანასკნელი ძალებით ებრძოდნენ ძირითად და დამატებით დროს, რომელიც მათ წინააღმდეგ მიდიოდა. 

 

სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთ ფინალს ეს ტურნირი არ იმსახურებდა. გულშემატკივარი ელოდა მესისებურ დასასრულს, ფურცელზე დაწერილი სცენარი გვამცნობდა, რომ ფინალში უნდა გვენახა ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ…სკალონის არგენტინას მომავალმა აჯობა. ერთ კაციან “ალბისელესტეს” საუკეთესო ესპანეთის წინააღმდეგ ეს გაუჭირდებოდა. კი, ერთ კაციანს, რადგან ლეო მესი იყო ის კაცი, რომელმაც არგენტინა ფინალამდე მოიყვანა. 

 

images-10-1784624785.jpg

 

 39 წლის მესის ოცნება, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად აღემართა ზეცაში ის თასი, რომელიც უკვე ეკუთვნოდა, ბოლომდე არ ასრულდა. საინტერესო და ყველაზე პოეტური ის არის, რომ ლამინ იამალიც ზუსტად იმავე მინდორზე იწვა, ევროპის მერე მსოფლიოც დაიპყრო და ჯერ მხოლოდ 19 წლისაა…ერთმა დაასრულა მეორემ დაიწყო. ეს იყო ყველაზე ლამაზი, რაც ამ შესანიშნავი მუნდიალის არც ისე შესანიშნავ ფინალში ვიხილეთ. იგი წავა და სხვა მოვა… ამის იმედი მაქვს.

 

დაფიქრდით, რამდენად იშვიათია, თვალყურს ადევნებდე ეპოქის ცვლას პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალით. სწორედ ამიტომ, სპორტი არასოდეს მიჰყვება ჰოლივუდურ სცენარებს. ფინალმა უარი თქვა წინასწარ დაწერილ “ჰეფი-ენდზე”…

 

ამის უკან კი იყო 93-ე წუთზე გაძევებული ენცო ფერნანდესი. ლეანდრო პარადესი, რომელმაც მართალია ეგვიპტესთან არგენტინა იმ ერთი ლამაზი მოძრაობით იხსნა, მაგრამ ამჯერად ფინალში საფეხბურთო ხასიათს სამხრეთ ამერიკულმა აჯობა… 

 

paredesi-1784624859.jpg

 

პირველ ტაიმში ვნახეთ ნული დარტყმა არგენტინისგან, რაც დაგამახსოვრდათ ალბათ იყო ბრაზილიელი 2R-ს გამოჩენა მადონასთან ერთად,  BTS, ColdPlay, ჯასტინ ბიბერი.. და არა ჯასტინ, “EVERYTHING HALLELUJAH” მსოფლიოს ფინალს არ შეეფერება…

 

მეორე ტაიმშიც სცენარი არ შეცვლილა. არგენტინა მეტოქის ნახევარზეც ვეღარ გადადიოდა. ძირითადი დრო ისე დასრულდა, რომ “ალბისელესტეს” კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს, ამასობაში კი ესპანელებს ათი ზუსტი დარტყმა დაუგროვდათ.

 

სწორედ აქ გამოჩნდა არგენტინის „ბინძური“ იდენტობა. ამ ესპანეთთან სხვაგვარად თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ზღვარი თავად მესიმაც გადალახა. მესიმ,  რომელიც ყოველთვის სიმშვიდის განსახიერება იყო, ნერვები ვეღარ მოთოკა და კუკურეიაზე მსაჯს ანიშნებდა, გააგდეო. ესაა ის, რასაც იქ, თბილ სალონებში მოკალათებულები „სიბინძურეს“ ეძახიან, სინამდვილეში იგივეა, რაც ბოლო ამოსუნთქებამდე ბრძოლა. და განა ჩვენც, თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების რაღაც მომენტში არ ვყოფილვართ ზუსტად ასეთ დღეში, როცა პრინციპსა და შენს ხასიათს გადააბიჯებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი, ყველაზე ძვირფასი რამ დაიცვა?

 

bfc9e62d931ef8dd2a30055e3e7ed232-1784624894.webp

 

ესპანეთმა კი ნამდვილად დაიმსახურა ეს მოგება. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი კუბარსი გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარემ ეს ჯილდო საოცარი დაცვის დამსახურებითაც მიიღო. ასევე „პედრი პოტერი“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 62-ე წუთზე შევიდა, ყველაზე მეტი, 4 საგოლე შანსი შექმნა და მადლობა დიბუს, რომ მესის დრო მოედანზე გაახანგრძლივა… ბარსელონას 8 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. და ხო, კუკურეიაც ბარსელონას აღზრდილია, 14 წლის ასაკში ჩაიბარა…MADE IN LA MASIA. მიუხედავად ამისა, ფიფამ წაართვა მესის ის, რაც მას ეკუთვნოდა: ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც როდრის გადასცეს. როდრიმ, ბუნებრივია, იდეალური ტურნირი ჩაატარა, სიძლიერე თამაშის კონტროლითა და მოედნის ცენტრში დომინირებით აჩვენა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 811 გადაცემიდან 756 ზუსტად შეასრულა რაც 93.22%-ია. .მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ…დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ეკუთვნოდა მესის და არა როდრის? შეიძლებოდა თუ არა ამ ჯილდოს სხვა ადრესატი ჰყოლოდა? კი, შეიძლებოდა. მესიმ მოიყვანა 10 კაცი ფინალამდე, აი რატომ.

 

მიუხედავად ამ მწარე დასასრულისა, წაგებული ფინალი მესის ვერაფერს დააკარგვინებს. რთულია, როდესაც კაბო-ვერდესთან ან ეგვიპტესთან გასავარდნად განწირული გუნდი 39 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანო და მომავლის ნაკრებს 106 წუთამდე ღირსეულად თუ არაღირსეულად დაუპირისპირდე, სახელი თქვენ შეურჩიეთ. არა მესის, უბრალოდ არგენტინას. 

 

და ერა დამთავრდა. მაინტერესებს, რა მოხდებოდა, ახალგაზრდა ლეოს თავის დროზე, 2004 წელს არგენტინის ნაცვლად ესპანეთი რომ აერჩია? ალბათ 2005 წლის 17 აგვისტოს უნგრეთთან სადებიუტო მატჩში შესვლისთანავე მიღებულ წითელ ბარათს, 2014 წლის მარაკანას, 2016 წლის კოპა ამერიკის ფინალს, იმავე სტადიონზე, დამთავრებულ კარიერას იგივე კუნძულ ელბას, 2018 წლის რუსეთს თავიდან აიცილებდა…თუმცა მან აირჩია ცისფერ-თეთრი ზოლები, ტკივილიც, სიხარულიც და მარადიული სიყვარულიც.

 

დღეს მესის არაფერი აკლია. ცოცხალი ლეგენდაა. მაგრამ ახლა უკვე არგენტინას აკლია ის. უნდა ისწავლონ ცხოვრება მის გარეშე. არგენტინასთან ერთად ფეხბურთს მოუწევს ცხოვრება მესის გარეშე… ღირსეულად გვემშვიდობება და ემშვიდობება იმას, რაც ყველას და ყველაფერს ურჩევნია.

 

და როცა ახლა ამ სტრიქონებს ვწერ, როცა ჩემს  პირველ, მორცხვ ნაბიჯებს ვდგამ სპორტულ ჟურნალისტიკაში, ვხვდები, რომ ამ ყველაფრის უკანაც ზუსტად ის დგას, რომ ამ გზის დასაწყისიც ზუსტად მას უკავშირდება. ფეხბურთმა შემომიყვანა ამ სამყაროში, ფეხბურთამდე კი ლეომ მიმიყვანა. ის იყო მიზეზი, რის გამოც ბავშვობაში გვჯეროდა სასწაულების, რომელსაც ლურჯ-წითელი ფერები ჰქონდა შესხმული. (blaugrana).

 

ჩვენ ხომ მის თვალებში ვნახეთ პირველი მარცხის სიმწარეც და შემდეგ ის, თუ როგორ შეიძლება აღდგე 2022 წელს, ფენიქსივით, რადგან მწვერვალზე კუთვნილი ადგილი დაიკავო. 2026 წლის მოგზაურობაც დასამახსოვრებელი გამოუვიდა, 8 გოლი, 4 საგოლე პასი 39 წლის ასაკში, როდესაც კონკურენტებად ახალბედები გევლინება. და ამ ყველაფრის შემდეგ, როცა მისი ერა ასეთი მწარე, მაგრამ დიდებული წერტილით სრულდება, პირადად მიჩნდება კითხვა: მართლაც, დარჩა კი ამ კაცს კიდევ რამე დასამტკიცებელი ამ ქვეყნად?

 

images-11-1784625034.jpg

 

არ გაინტერესებთ, ბებია სელია რას ფიქრობს ცაში და რა პასუხი ექნება ამ უკანასკნელზე?

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

წყარო: Sportall.ge