მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 00:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

SportMedia 6 აგვისტო, 2026 · 18:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, ხვალ 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი ნემსაძის შეგირდები დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე, ჩვენი დროით 15:30 საათზე ინგლისელ თანატოლებს შეერკინებიან.

 

სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის დამწყები 15 მოთამაშე, რომლებიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ. რადგან სერიის შეხვედრები განვითარებას ემსახურება, სამხრეთ აფრიკაში მყოფი ყველა მორაგბე სამატჩო განაცხადშია და ინგლისელთა წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ყველა მათგანს ექნება.

 

ინგლისელებთან მატჩს ღერძზე გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე იწყებენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ 20-წლამდელთა შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს. ცენტრში, დავით ახვლედიანი და მიხეილ მგალობლიშვილი შეწყვილდებიან, ფრთებზე რეზი ცხვედიანი და ალექსანდრე მამაიაშვილი დადგებიან, ფულბეკი კი ლუკა ჭაკუა იქნება. ამ მოთამაშეთაგან მხოლოდ ერთს, დავით ახვლედიანს არ უთამაშია გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე.

 

შერკინების პირველ ხაზში სასტარტო შემადგენლობაში არიან საბა მერებაშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე და გიორგი ბერძენიშვილი; მეორე ხაზში ნიკოლოზ ფანცულაია და ნიკოლოზ ხარებავა დადგებიან; ხოლო მესამე ხაზში თამაშს გიორგი ქევანიშვილი, გუნდის კაპიტანი მათე ბერუაშვილი და ლუკა შულაია იწყებენ. წელს ექვსი ერის ფესტივალზე ყველა მათგანმა ითამაშა.

 

მარქაფაში მყოფი 11 მორაგბიდან შვიდმა, წელს ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა. ესენი არიან: საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, ნიკა ჯანგულაშვილი, ალექსანდრე გაგუა, გოგა ბერიძე, ბართლომე ხამაშურიძე და გიორგი სუთიაშვილი. ორმა – ლუკა ბარბაქაძემ და საბა გიორგიძემ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, ტიერ 1-ის გუნდის წინაშე კი პირველად წარსდგებიან, ხოლო ნიკოლოზ ჩაჩანიძეს და ლუკა მუშკუდიანს 18-წლამდელთა კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ინგლისს სამხრეთ აფრიკაში მესამედ შეხვდება. 2024 წელს მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში ერთი გარდასახული ლელოთი, 27:20 იმარჯვა, შარშან კი, სანახაობრივ და თვალსასეირო მატჩში, საქართველომ მეტოქე დასკვნით წუთებში გატეხა და 35:31 დაამარცხა. ინგლისს წელს ექვსი ერის ფესტივალზეც შევერკინეთ და ბრიტანელებმა 35:31 გაიმარჯვეს.

 

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. დურბანის უმაღლესი სკოლა

I დღე. 7 აგვისტო. 15:30 (საქ. დრო)

ინგლისი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. იაგო ღუდუშაური, 19. საბა გიორგიძე, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე, 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. გიორგი სუთიაშვილი.

 

სამხრეთ აფრიკა ა – ირლანდია (13:30)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი (17:30)

 

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

 

სამხრეთ აფრიკა ა – საქართველო (13:30)

ინგლისი – საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ირლანდია (17:30)

 

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

 

სამხრეთ აფრიკა ა – საფრანგეთი (13:30)

ირლანდია – საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი (17:30)

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge