მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 01:21
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ევროკავშირმა Google-ი ციფრული ბაზრების შესახებ კანონის დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

Prime Time 23 ივლისი, 2026 · 16:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ევროკავშირმა Google-ი ციფრული ბაზრების შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯამში 890 მილიონი ევროთი (1 მილიარდი დოლარით) დააჯარიმა, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 460 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა Google-ს საძიებო სისტემაში საკუთარი სერვისების (სავაჭრო, სასტუმროების, ტრანსპორტისა და სპორტული შედეგების) პრიორიტეტიზაციის გამო დაეკისრა.
მეორე, 430 მილიონი ევროს ჯარიმა კი Google Play-ს აპლიკაციების მაღაზიაში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რაც დეველოპერებს უზღუდავდა შესაძლებლობას, მომხმარებლები კონკურენტი პლატფორმების შედარებით იაფ შეთავაზებებზე უფასოდ გადაეყვანათ.

თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დამატებით ჯარიმებს, სავარაუდოდ, აირიდებს, რადგან ევროკავშირის რეგულატორებმა კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით კომპანიასთან მიმდინარე „კონსტრუქციული დიალოგი“ და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.

ეს Google-ისთვის DMA-ის ფარგლებში დაკისრებული პირველი, ხოლო ანტიმონოპოლიური დარღვევებისთვის – უკვე მეხუთე და მეექვსე ჯარიმაა.

ბოლო ორ ათწლეულში ევროკავშირის მიერ Google-ისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა ჯამში 10.38 მილიარდ ევროს მიაღწია.

ევროკავშირის კონკურენციის საკითხთა ხელმძღვანელმა, ტერესა რიბერამ განაცხადა, რომ მათი მოვალეობა კანონების დაცვის უზრუნველყოფაა, ხოლო ტექნოლოგიების საკითხებში ევროკომისარმა, ჰენა ვირკუნენმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიზანი ბაზარზე სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შექმნაა.

Google-ს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად 60 დღე აქვს.
კომპანიაში გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ შესაძლოა ის სასამართლოში გასაჩივრდეს.

Google-ის გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა, კენტ უოკერმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კომპანიას უწევს ისეთი პოპულარული ფუნქციების გაუქმება, როგორებიცაა სასტუმროების, ფრენებისა და რესტორნების რეალურ დროში დაჯავშნა, ასევე Google Play-ს უსაფრთხოების მექანიზმების დემონტაჟი.”ეს არ არის სამართლიანი კონკურენცია, ეს არის პროდუქტის ხარისხის გაუარესება”, – აღნიშნა უოკერმა.