მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 21:53
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის

Prime Time July 10, 2026 7:04 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის, – წერს გამოცემა Forbes-ი.

საუბარია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა გვერდის უწყვეტი ჩამოშლა და ვიდეოების ავტომატურად გაშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას სოლიდური ჯარიმები დაეკისრება.

ეს „ციფრული სერვისების აქტის“ ფარგლებში ევროკავშირის მორიგი მარეგულირებელი ნაბიჯია აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ Meta-ს მხრიდან დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, კომპანიამ ვერ უზრუნველყო იმ რისკების სათანადო შეფასება, რომლებსაც მისი პლატფორმების „დამოკიდებულების გამომწვევი“ დიზაინი მომხმარებელთა – მათ შორის, არასრულწლოვნებისა და მოწყვლადი ჯგუფების – ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ახდენს.

ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა Facebook-სა და Instagram-ის ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა ვიდეოების ავტომატურად გაშვება, გვერდის უწყვეტი ჩამოშლა და „მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები“.

მარეგულირებელმა ორგანომ Meta დაადანაშაულა ამ ფუნქციების გამოყენებაში, რათა „გააძლიეროს მომხმარებლის სურვილი, განაგრძოს გვერდის ჩამოშლა“ და მისი გონება „ავტოპილოტის“ რეჟიმში გადაიყვანოს, რაც, მათი შეფასებით, არაჯანსაღი ქცევაა.