მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 12:59
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 11:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ასევე ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები – ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქპატენტის თავმჯდომარე ბანაკის მონაწილეებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მრეწველობის ახალი დარგებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ 10-14 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გაიმართა. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და მიზნად ისახავს, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ბანაკში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 15-18 წლის ასაკის 29 მოზარდი მონაწილეობდა.

ბანაკის კონცეპტუალური ჩარჩო სპეციალურად შემუშავდა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიერ. სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ საქპატენტის წარმომადგენლები – გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.

ბანაკის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინისა და ახალი ჯიშების, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ინფორმაციას. სასწავლო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვაზე.