ამერიკული მედია: ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ინიციატივის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყების მსურველებს საკუთარი თავის შესანახად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეთ.
საპილოტო პროგრამა, რომელიც სამშაბათს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობით ამოქმედდება, თავდაპირველად დომინიკელთა რესპუბლიკიდან გარკვეული კატეგორიის მიგრანტებზე გავრცელდება, მომავალში კი შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა Free Beacon-ს დაუდასტურა, რომ კარიბის ზღვის ამ ქვეყანაში მდებარე ამერიკული საკონსულოები დაიწყებენ გირაოს ჩადების მოთხოვნას იმ მიგრანტებისგან, „რომლებიც საზოგადოებრივი ტვირთის საფუძვლით უარყოფილად იქნენ მიჩნეულნი“.
„საზოგადოებრივი ტვირთის“ კვალიფიკაცია ეხება იმ პირებს, რომელთაც ვიზაზე უარი იმის გამო ეთქვათ, რომ ვერ შეძლებდნენ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფას და სახელმწიფო შეღავათებსა თუ დახმარებებზე გახდებოდნენ დამოკიდებულნი.
ზოგადად, საკონსულოებს ექნებათ უფლებამოსილება, გირაოს ოდენობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასონ, „განმცხადებლის კონკრეტული გარემოებების“ გათვალისწინებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში განხილულ ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გირაოს ოდენობა 100 000-დან 250 000 დოლარამდე დიაპაზონში განისაზღვრება.