მსოფლიო ოკეანეებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – რა გავლენას მოახდენს ეს და რამდენად სახიფათოა?

მსოფლიო ოკეანეების ტემპერატურამ ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის, “კოპერნიკის“ მონაცემებით, პოლარული რეგიონების მიღმა ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ 20.96°C შეადგინა და 2023 წლის წინა რეკორდს – 20.89°C-ს — გადააჭარბა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივლისი მსოფლიოში რეკორდულად მეორე ყველაზე ცხელი ივლისი იყო. გლობალური საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით 1.47°C-ით მაღალი აღმოჩნდა.

- განსაკუთრებით რთული ვითარებაა დასავლეთ ევროპაში, სადაც ივნისი და ივლისი რეკორდულად მაღალი ტემპერატურითა და ხანგრძლივი გვალვით გამოირჩეოდა. ძლიერმა სიცხემ და ნალექის ნაკლებობამ არაერთ ქვეყანაში მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია.
განსაკუთრებით დაბალი ნალექი და ნიადაგის ტენიანობა დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიის ნაწილსა და დიდ ბრიტანეთში.
დაბალია მდინარეების დონეც. განსაკუთრებით დაზარალებულია სენა, რაინი და დუნაი. წყლის ნაკადის შემცირება დამატებით პრობლემებს ქმნის სასმელი წყლის მარაგებისა და სოფლის მეურნეობის ირიგაციისთვის, ასევე აზიანებს მდინარის ეკოსისტემებს, ტრანსპორტსა და ენერგიის წარმოებას.
ხანგრძლივმა სიცხემ და სიმშრალემ ევროპაში ხანძრებისთვის ხელსაყრელი პირობებიც შექმნა. ივლისში დასავლეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ხანძრები მძვინვარებდა, განსაკუთრებით დიდი იყო დამწვარი ტერიტორიის, კვამლისა და ატმოსფეროში გამოფრქვეული გამონაბოლქვის მოცულობა.
- “კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ქმნის ცხელ და მშრალ პირობებს, რაც სამხრეთ ევროპაში დიდი და ინტენსიური ხანძრების გავრცელებას უწყობს ხელს, ამავდროულად კი ხანძრის სეზონს ჩრდილოეთის მიმართულებით ახანგრძლივებს“, – განაცხადა კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის დირექტორმა ლორენს რუიმ.
მისი თქმით, რაც უფრო მასშტაბურია ხანძარი, მით მეტ კვამლს წარმოქმნის და ატმოსფეროში უფრო მაღლა ავრცელებს, რის გამოც კვამლი დიდ მანძილზე გადაადგილდება. შედეგად, შესაძლოა დაზარალდეს ის ქვეყნებიც, სადაც თავად ხანძრები შედარებით იშვიათია.

ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში ივლისი 1836 წელს დაკვირვებების დაწყებიდან ყველაზე მშრალი აღმოჩნდა. ინგლისისა და უელსის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე ოფიციალურად გვალვის ზონად არის გამოცხადებული.
ოკეანეების დათბობის გავლენა
ოკეანეები დედამიწის კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი ჭარბი სითბოს უდიდეს ნაწილს და პლანეტის ჟანგბადის დაახლოებით ნახევარს წარმოქმნიან.
ოკეანეების დათბობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ზღვის დონის მატებაა. წყალი გათბობისას ფართოვდება და ეს ე.წ. თერმული გაფართოება მეცნიერების მიერ დაფიქსირებული ზღვის დონის მატების დაახლოებით მესამედს განაპირობებს.
მეცნიერები ასევე აკვირდებიან ტროპიკულ წყნარ ოკეანეში განვითარებულ ელ-ნინიოს პირობებს. პროგნოზის მიხედვით, ეს ბუნებრივი კლიმატური მოვლენა მომდევნო თვეებში შესაძლოა გაძლიერდეს და გლობალური ტემპერატურა დროებით კიდევ უფრო გაზარდოს.
ელ-ნინიოს გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დედამიწა უკვე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის პროცესშია. დღეს მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1.4°C-ით მაღალია, ვიდრე XIX საუკუნის ბოლოს, ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე იყო.