მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:31
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინელების აგრესიულ ქმედებებს გამოიძიებენ: ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა პროკურორი უკვე დანიშნა – რა ელის არგენტინის ნაკრებს?

Ambebi.ge 21 ივლისი, 2026 · 22:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ფიფამ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელების ქმედებების გამოძიებას იწყებს.

BBC Sport-ის თანახმად, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა დანიშნა პროკურორი, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რა მოხდა ზუსტად MetLife-ის სტადიონზე საფინალო სასტვენის შემდეგ.

ჩხუბში მონაწილე მოთამაშეები თუ მწვრთნელები შესაძლოა დისკვალიფიკაციით დასჯონ, ხოლო არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) – დააჯარიმონ.

მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი და პერსონალის ნაწილი ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო ესპანელ მოთამაშეებთან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

კადრების მიხედვით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ნაუელ მოლინა, ლეანდრო პარედესი, ტიაგო ალმადა და მწვრთნელის ასისტენტი რობერტო აიალა.

ამავდროულად, ფიფა იძიებს არგენტინის ნაკრების ქმედებასაც, რომლის ფეხბურთელებმაც მოედანზე ბანერი გაშალეს ფოლკლენდის კუნძულებზე მათი ქვეყნის პრეტენზიების მხარდასაჭერად. ეს ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების 2:1 დამარცხების შემდეგ მოხდა.


  • რა მოხდა ფინალური მატჩის შემდეგ?

საფინალო სასტვენისთანავე არგენტინის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის ლიონელ მესი, ბალახზე დაეშვა. ზოგიერთი უბრალოდ იქ დარჩა, სადაც სასტვენმა მოუსწრო, ხოლო ესპანეთის ნაკრების მოთამაშეები გამარჯვების აღსანიშნავად მოედნის გასწვრივ გაიქცნენ.

ფოტოს მინაწერი: ტიაგო ალმადა და ლეანდრო პარედესი გავის მიწაზე აგდებენ, სანამ აიალას, როგორც ჩანს, ერიკ გარსია ყელში ჰყავს დაჭერილ

სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე სხვებთან ერთად ესპანელი ნახევარმცველი როდრიც გაიქცა, რომელიც დამატებით დროში შეცვალეს. იმ მომენტში, როდესაც მან მოლინას გვერდით ჩაურბინა, არგენტინელმა მცველმა, სავარაუდოდ, ესპანელს ხელი ან მუცელში დარტყმა მიაყენა.

ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.

როდრი მოლინასთან კონფრონტაციაში შევიდა, თუმცა აგრესიული თავდასხმა სწორედ არგენტინელმა მოთამაშემ დაიწყო.

თავის პარტნიორს მიეხმარა გარსია, ჩხუბში ასევე ჩაერთო პარედესი, რომელმაც გარსიას ყელის არეში დარტყმა მიაყენა.

ჩხუბში ჩარევა სცადა ესპანელმა ნახევარმცველმა გავიმაც, რომელიც ფინალის დროს მოედანზე არ შესულა, თუმცა ის ალმადამ ბალახზე “დააგდო“. ამის შემდეგ პარედესმა გავის სახეში ჰკრა ხელი და წააქცია.

როგორც ჩანს, ამის შემდეგ აიალამ გარსიას ყელში ხელი ჩაავლო, ხოლო მოგვიანებით, სავარაუდოდ, ესპანელ ნახევარმცველ დანი ოლმოს დარტყმა მიაყენა.

სპეციალური პროკურორის დანიშვნით, ფიფა აპირებს გაარკვიოს, თუ რა მოხდა ზუსტად მოედანზე და არა უბრალოდ გამოიძიოს მოთამაშეთა პოტენციური აგრესიული ქცევა.

შეურაცხმყოფელ ქცევასა და ფეარ პლეის (სამართლიანი თამაშის) პრინციპების დარღვევაზე საუბარია ფიფას სადისციპლინო კოდექსის მე-13 მუხლში.

ფოტოს მინაწერი: გავი მიწაზე წააქციეს. ლეანდრო პარედესმა მას სახეში ჰკრა ხელი.