პროექტის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ – პრეზენტაცია გაიმართა

15 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ – პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
„აუდიტორიას გადაცემათა ციკლის მნიშვნელობა და მიზნები იდეის ავტორმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა რატიანმა გააცნო. განხორციელების ეტაპებსა და მთავარ გამოწვევებზე პროექტის კოორდინატორმა ლილი მეტრეველმა ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას CIU-ს ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ მიმართა და, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „მესამე მისიის“ ფარგლებში, პროექტის როლზე ისაუბრა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახა. აუდიტორიას შთაბეჭდილებები პროექტის მონაწილეებმაც გაუზიარეს.
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადებული გადაცემათა ციკლი მაყურებელს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის შუა წლებამდე (1850–1950-იანი წლები) მოღვაწე ქართველი დრამატურგების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოუთხრობს.
პროექტის მიზანი ქართული ორიგინალური დრამატურგიის პოპულარიზაცია, უახლესი სამეცნიერო ცოდნის მულტიმედიურ ფორმატში გავრცელება და ეროვნული დრამატურგიული მემკვიდრეობის კულტურულ-ლიტერატურული მნიშვნელობის წარმოჩენაა.
გადაცემათა ციკლის ნარატიული ნაწილი პროფესორ ირმა რატიანის ფუნდამენტურ კვლევას – „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“ – ეფუძნება. ამასთან, პროექტის სცენარი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მომზადებული სამტომეულის – „ქართული დრამატურგიის ქრესტომათია (ნაცნობი და უცნობი ტექსტები)“ – მიხედვით შეიქმნა. სამეცნიერო გამოცემა ქართველი დრამატურგების ბიოგრაფიის შესახებ აქამდე უცნობ უნიკალურ ფაქტებსა და კვალიფიციურ სამეცნიერო კვლევებს აერთიანებს.
სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული თანამედროვე აუდიოვიზუალური რესურსი ქართულ დრამატურგიას ევროპული დისკურსის ნაწილად წარმოაჩენს და აუდიტორიას მის კულტურულ მნიშვნელობას აცნობს.
12 ნაწილისგან შემდგარი პროექტი მაყურებელს გიორგი ერისთავის, ზურაბ ანტონოვის, ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილის, რაფიელ ერისთავის, დავით ერისთავის, ავქსენტი ცაგარლის, დავით კლდიაშვილის, შალვა დადიანის, პოლიკარპე კაკაბაძის, გრიგოლ რობაქიძისა და გიორგი ნახუცრიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოუთხრობს.
თითოეულ ეპიზოდში კომპეტენტური ავტორები, მკვლევრები და ლიტერატურათმცოდნეები ქართველი დრამატურგების შემოქმედებით თავისებურებებს განიხილავენ. ამასთან, წარმოაჩენენ მათ კავშირს ევროპის ლიტერატურულ და კულტურულ სივრცესთან.
„ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ (GCLA), შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემათა ციკლი წარმოადგენს გასულ წლებში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განხორციელებული შემდეგი პროექტების კონცეპტუალურ გაგრძელებას: „XX საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“, „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. ლოკალური და გლობალური“, „ქართული საბავშვო ლიტერატურა „დედაენიდან“ „სალამურამდე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.