სერბეთმა ტყის ხანძრების გამო დახმარებისთვის ევროკავშირსა და რუსეთს მიმართა

სერბეთმა ტყის ხანძართან გასამკლავებლად დახმარება, როგორც ევროკავშირს, ისე რუსეთს სთხოვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსმა, ლუკა ჩაუშიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა ევროკავშირის დახმარების სისტემას სახანძრო თვითმფრინავები და სპეციალიზებული ტექნიკა სთხოვა.
„გვჭირდება 10 ტონაზე მეტი ტვირთის ტარების უნარის მქონე თვითმფრინავები და ხუთი ვერტმფრენი, რომელთაც ოთხ ტონაზე მეტი წყლის გადატანა შეუძლიათ. უნდა აღვნიშნო, რომ საკუთარი მძიმე ვერტმფრენებიც გვაქვს, თუმცა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმისგანაც ვითხოვეთ დახმარება. ასევე მოვითხოვეთ 10 სპეციალიზებული მანქანა, რომლებსაც ქვიშნარ ტერიტორიაზე მუშაობა შეუძლია“, – აღნიშნა ჩაუშიჩმა.
სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ბლოკის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს.
მიმდინარე ზაფხულს ბელგრადმა ესპანეთს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დასახმარებლად სახანძრო ვერტმფრენი და საგანგებო რეაგირების ჯგუფი აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში გაუგზავნა, თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, ევროპის მასშტაბით მძვინვარე ხანძრებმა ევროკავშირის რესურსები მნიშვნელოვნად ამოწურა.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა სერბეთს ხანძართან საბრძოლველად თვითმფრინავი გაუგზავნა. სერბული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც სერბეთმა დახმარება ითხოვა.