უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური – რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 15 გემზე მივიტანეთ იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 15 გემზე განახორციელეს იერიში, – ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი, მეტსახელად „მადიარი“, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„13 ივლისის ღამეს, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების თავისუფლებისმოყვარე „ჩიტმა“ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 15 გემზე ინადირა“, – განაცხადა რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, 8 დღის განმავლობაში, 6 -13 ივლისის პერიოდში, ჯამში 105 გემზე მიიტანეს იერიში.
როგორც ბროვდი აღნიშნავს, ოკუპირებული ყირიმის სატრანზიტო-გადამზიდ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ყოველღამე ხორციელდება, ქერჩის სრუტეში მოძრაობა შეჩერებულია და ტვირთების გადმოტვირთვის პროცესიც მინიმუმამდეა შემცირებული.