შეუძლია თუ არა პატარა ბავშვს დარდი – ინგა მამუჩიშვილის განმარტება

შეუძლია თუ არა პატარა ბავშვს დარდი? – ამ შინაარსის პოსტს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აქვეყნებს.
„შეუძლია თუ არა პატარა ბავშვს დარდი? რა სახით გამოხატავს და როგორ შევუმსუბუქოთ? კი, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვსაც შეუძლია დარდი – ზოგჯერ ძალიან ღრმაც. უბრალოდ, მას ჯერ არ აქვს საკმარისი სიტყვები, რომ თქვას: „მოწყენილი ვარ“, „მენატრება“, „მეშინია“, ან „დაკარგულად ვგრძნობ თავს“. ამიტომ ბავშვი დარდს ხშირად ქცევით და სხეულით გვიყვება.
ამერიკის პედიატრიის აკადემიაც აღნიშნავს, რომ ჩვილები და პატარა ბავშვებიც რეაგირებენ დანაკარგზე, განშორებასა და მათ გარშემო უფროსების ემოციურ მდგომარეობაზე.
დარდის მიზეზი მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება არ არის. პატარამ შეიძლება „დაკარგვად“ აღიქვას მშობელთან ხანგრძლივი განშორება, საბავშვო ბაღის დაწყება, ოჯახის წევრის წასვლა, მშობლების დაშორება, საყვარელი ადამიანის, ან ცხოველის დაკარგვა, საცხოვრებლის შეცვლა, ან ოჯახში დაძაბული გარემოც კი.
როგორ გამოხატავს პატარა ბავშვი დარდს?
ხდება უჩვეულოდ ჭირვეული, გაღიზიანებული ან ხშირად ტირის; მეტად ეკვრის დედას/მამას და უჭირს მათთან განშორება; შეიძლება გახდეს აგრესიული, ურტყამდეს, ყვიროდეს, ისროდეს ნივთებს; ერღვევა ძილი, ხშირად იღვიძებს, ან ეშინია მარტო დაძინების; იცვლება მადა; შეიძლება დროებით დაუბრუნდეს უფრო პატარა ასაკისთვის დამახასიათებელ ქცევას – მაგალითად, ისევ მოითხოვოს ხელში აყვანა ან ღამით დასველდეს; კარგავს თამაშის ინტერესს, ან პირიქით, თამაშში იმეორებს იმას, რაც აწუხებს; ზოგჯერ უჩივის მუცლის, ან თავის ტკივილს აშკარა ორგანული მიზეზის გარეშე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვური დარდი ხშირად ტალღისებურია: ბავშვი შეიძლება რამდენიმე წუთის წინ ტიროდეს, შემდეგ კი მშვიდად ითამაშოს და იცინოს. ეს არ ნიშნავს, რომ „აღარ დარდობს“, ბავშვები ემოციებს ზრდასრულებისგან განსხვავებულად ამუშავებენ.
როგორ დავეხმაროთ?
ყველაზე ძლიერი „წამალი“ ამ დროს უსაფრთხოების განცდაა: მეტი ფიზიკური სიახლოვე და მოფერება, მშვიდი საუბარი, სტაბილური დღის რეჟიმი და ბავშვისთვის იმის უფლების მიცემა, რომ იტიროს, გაბრაზდეს, ითამაშოს და რამდენჯერაც დასჭირდება, იმდენჯერ დასვას ერთი და იგივე კითხვა.
არ ღირს თქმა: „ნუ ტირი“, „დიდი ბიჭი/გოგო ხარ“, ან „დაივიწყე“. უკეთესია: „ვხედავ, რომ გწყინს, მე შენთან ვარ.“ რუტინის შენარჩუნება – ძილის, კვების, ბაღის, თამაშის დრო – ბავშვს განსაკუთრებით ეხმარება უსაფრთხოების განცდის დაბრუნებაში.
თუ დარდის ფონზე ქცევითი ცვლილებები ხანგრძლივდება, ძლიერდება, მნიშვნელოვნად ირღვევა ძილი, კვება, თამაში, ბაღთან/სკოლასთან ადაპტაცია, ან ბავშვი მთლიანად კარგავს ჩვეულ აქტივობების ინტერესს, უკვე საჭიროა პედიატრის და საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვა.
და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი: პატარა ბავშვს შეიძლება ჯერ არ შეეძლოს თავისი დარდის დასახელება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას დარდი არ შეუძლია. ზოგჯერ ბავშვის ყველაზე ხმამაღალი „მეწყინა“ სწორედ მისი ქცევაა“, – წერს პედიატრი.