მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 22:02
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი

IPN.ge 17 ივლისი, 2026 · 20:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი რეისების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ეს შეეხება იმ მარშრუტებს, რომლებზეც ფრენები 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ შეჩერდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს ურთიერთობებში ბოლო პერიოდში სირთულეები შეექმნათ.

“მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა მოახერხეს ამ რთული პერიოდის გადალახვა და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მთელი სპექტრის სრულად ნორმალიზება.განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნორმალიზაცია შესაძლებელი გახდა ჩვენი ქვეყნების ლიდერების პირადი პოზიციის წყალობით. ურთიერთობების სრული აღდგენა სწორედ ამ ძალისხმევის წყალობით მოხდა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და რუსეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორიული, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები აერთიანებთ.

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, რუს კოლეგასთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის საკითხი განიხილა.

“გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო. აზერბაიჯანი მუდმივად ადასტურებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარეებს დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება რეგიონული და საერთაშორისო საკითხების კონტექსტში.