მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

CIU-ში თანამედროვე სპორტული კომპლექსი და კალათბურთის აკადემია იხსნება

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 20:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ახალი სპორტული კომპლექსის, კალათბურთის აკადემიის, სამომავლო გეგმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ CIU-ს საკალათბურთო აკადემიის დირექტორი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე გვესაუბრება.

როგორ გაჩნდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სპორტული კომპლექსის შექმნის იდეა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი როგორც უნივერსიტეტის, ასევე კლუბისთვის?

ეს იდეა გაჩნდა ერთი მთავარი მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაინტერესდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტითა და განსაკუთრებით კალათბურთით. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სპორტული გარემო, როგორშიც სპორტსმენებს ექნებოდათ ყველაფერი ერთ სივრცეში. დღეს პროფესიონალურ სპორტში შედეგი მხოლოდ ვარჯიშზე აღარ არის დამოკიდებული. აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პროფესიონალური გარემო და ყოველდღიური ხარისხიანი მუშაობის შესაძლებლობა.

CIU-სთვის ეს ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრს, ხოლო ჩვენი კლუბისთვის – საკუთარ სახლს, რომელშიც მდგრადი სისტემის შექმნა შეგვეძლება.

რა შესაძლებლობებს შექმნის ახალი სპორტული სივრცე და რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს?

კომპლექსი სრულად ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებს: გვექნება საერთაშორისო სტანდარტების სათამაშო და ფიზიკური მომზადების დარბაზები, სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ვიდეოანალიზის ოთახები, გასახდელები, ადმინისტრაციული და მშობლებისთვის მოსაცდელი სივრცეები, საპარკინგე ზონა და სხვა.

როგორ შეცვლის ახალი კომპლექსი გუნდის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს?

ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ხარისხს – როდესაც ვარჯიში, ფიზიკური მომზადება, რეაბილიტაცია, ვიდეოანალიზი და ადმინისტრაცია ერთ სივრცეშია, არ იკარგება დრო და იზრდება ეფექტიანობა.

ერთ შენობაში ყველა საჭირო პროცესის გავლის შესაძლებლობა მოთამაშეს გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას მისცემს განვითარებისთვის. სწორედ ასე მუშაობენ თანამედროვე პროფესიონალი კლუბები.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართულ კალათბურთში სწორედ ჩვენ ვქმნით პირველ ერთიან სისტემას, რომელიც აკავშირებს აკადემიას, ყველა ასაკობრივ გუნდსა და უმაღლესი ლიგის პროფესიონალ კლუბს.

რამდენად დიდი უპირატესობაა კლუბისთვის საკუთარი დარბაზის ფლობა და რა გავლენას მოახდენს ეს მის განვითარებაზე?

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლუბის ისტორიაში, რადგან ქმნის ნამდვილ საკლუბო კულტურას. გულშემატკივარი მოდის საკუთარ სახლში, ბავშვები იზრდებიან იმავე გარემოში, რომელშიც პროფესიონალი გუნდი ვარჯიშობს და იქმნება ერთიანი ოჯახი საერთო ინტერესებით.

რა ტიპის სივრცეები მოეწყობა გულშემატკივრებისთვის?

ადგილზე იქნება კომფორტული ტრიბუნები, VIP ზონა, კვების სივრცეები და თანამედროვე გარემო, რათა მატჩზე მოსვლა სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს. თამაშების დროს სხვადასხვა გათამაშებაც იგეგმება, ხოლო უახლოეს მომავალში ოფიციალური ფანკლუბი და ფანშოპი შეიქმნება.

რა მიზნები აქვს აკადემიას პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში?

საწყის ეტაპზე გვინდა შევქმნათ ძლიერი ასაკობრივი ჯგუფები, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამა და ისეთი გარემო, როგორშიც თითოეული ბავშვი მაქსიმალურად განვითარდება.

ჩვენი მიზანია, ბავშვებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს ჩემპიონატებში, ასევე, საერთაშორისო ტურნირებსა და კემპებში. ვგეგმავთ, ვითანამშრომლოთ ევროპულ აკადემიებთან, ამერიკულ სკოლებთან, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, ასევე, საერთაშორისო აგენტებთან, რათა ნიჭიერ ბავშვებს მომავალში საერთაშორისო სპორტული და აკადემიური კარიერის რეალური შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მადრიდის „რეალის“ ფონდთან თანამშრომლობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ეტაპობრივად გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე მეთოდოლოგია.

მადრიდის „რეალის“ ფონდთან რა ტიპის თანამშრომლობა გაქვთ და რა სიახლეები იგეგმება უახლოეს პერიოდში?

10-14 სექტემბერს, პირველად საქართველოში, გაიმართება Real Madrid Foundation Basketball Camp, რომელსაც CIU-ს სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს. კემპი ახალგაზრდა კალათბურთელებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, ივარჯიშონ მადრიდის „რეალის“ ფონდის მწვრთნელების ხელმძღვანელობით. ამასთან, მონაწილეებს ელოდებათ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ეკიპირება, გახსნის ოფიციალური ცერემონია, სერტიფიკატები და არაერთი საინტერესო აქტივობა. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ყველა მონაწილისთვის.

CIU-სა და Real Madrid Foundation-ის თანამშრომლობა გრძელვადიან პარტნიორობას ეფუძნება, რაც მომავალშიც არაერთ ერთობლივ სპორტულ და საგანმანათლებლო ინიციატივას ითვალისწინებს.

ვგეგმავთ, ასევე, სხვა საერთაშორისო კემპებს, ახალგაზრდულ ტურნირებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას.

რა უპირატესობები ექნება CIU საკალათბურთო აკადემიას?

შედეგზე მეტად ახალგაზრდების განვითარებას მივანიჭებთ მნიშვნელობას. გვინდა, ბავშვებმა არა მხოლოდ კალათბურთის თამაში ისწავლონ, არამედ ჩამოუყალიბდეთ შრომის, დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და გუნდურობის კულტურა.

ჩვენი მიზანია, ბავშვებმა სპორტი შეიყვარონ. ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი მედლები და თასები არ არის, ღირებულია სწორი საფუძვლის შექმნა, ტექნიკური განვითარება და კალათბურთის სიყვარულის ჩამოყალიბება. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვებს არ ეშინოდეთ შეცდომებისა, რადგან სწორედ შეცდომებზე სწავლობენ და ვითარდებიან.

გარდა ამისა, ისინი ყოველდღიურად იქნებიან პროფესიონალურ გარემოში, რაც მათ დამატებით მოტივაციას მისცემს და, ვფიქრობთ, შედეგებზეც აისახება.

ვის შეუძლია და რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი ბავშვების ჩართვა სპორტულ პროცესში?

აკადემიაში მიღება 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. პროგრამა გათვალისწინებულია 6-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებზე, ხოლო თითოეული ასაკობრივი ჯგუფი, პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამით ივარჯიშებს.

ვინ იზრუნებს ბავშვების სპორტულ განვითარებაზე?

აკადემიაში იმუშავებენ კვალიფიციური ქართველი სპეციალისტების გუნდი და ინდივიდუალური განვითარების მწვრთნელები. გარდა ტექნიკური და ტაქტიკური მომზადებისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფიზიკურ განვითარებას, ტრავმების პრევენციას, ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნასა და სწორი სპორტული კულტურის ჩამოყალიბებას.

როგორია აკადემიის ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარების ხედვა?

ჩვენი ხედვა ძალიან მარტივია – თითოეულს მივცეთ განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა.

გვინდა, რომ ჩვენი აკადემია გახდეს ის ადგილი, რომელშიც მომავალში გაიზრდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. ასევე, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, აღვზარდოთ ისეთი კალათბურთელები, რომ მომავალში თავი წარმატებით დაიმკვიდრონ NBA-სა და ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში.

როგორ ავსებს ახალი სპორტული კომპლექსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოს?

უნივერსიტეტი ყოველთვის ორიენტირებული იყო ხარისხიან განათლებაზე, ახლა კი ამას ემატება თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურაც.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ და პარალელურად დაკავდნენ მაღალი დონის სპორტულ გარემოში სერიოზული მიზნების მისაღწევად, რაც თანამედროვე უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა?

უნივერსიტეტის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. ასეთი მასშტაბის პროექტები მხოლოდ მაშინ ხდება წარმატებული, როდესაც არსებობს საერთო ხედვა, ნდობა და ერთიანი მიზანი. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას და სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიციური გეგმები როგორც კლუბის, ისე აკადემიის განვითარებისთვის.

ამასთან, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ ვახტანგ წივწივაძეს, რომელიც ამ პროექტის სულისჩამდმელი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, ის მართლაც უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული სპორტისთვის.

ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პროექტის შექმნაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ამ კომპლექსში წლების განმავლობაში აღიზრდებიან, როგორც ცნობილი სპორტსმენები, ისე წარმატებული ადამიანები.