მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 17:15
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმ ყველაფრის დასაცავად, რაც საქართველოს საქართველოდ აქცევს – არჩილ გორდულაძე

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 15:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ფასეულობებისა და სიწმინდეების დასაცავად შექმნილი ახალი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების განსახილველად მზადაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მისასალმებელია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ქვეყნის იდენტობას, უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკითხს დეტალურად გაეცნობა, ინიციატორებთან შესახვედრად და სადისკუსიოდ კი მათი კარი ღიაა.

“ქართული ოცნების” გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა გადაიქცა საკანონმდებლო ცვლილებად, რომლის მიზანიცაა სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ღირებულებების დაცვა. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმ ყველაფრის დასაცავად, რაც საქართველოს საქართველოდ აქცევს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, გავეცნობით რა ინიციატივაა, როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმას მიიღებს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე სამსჯელოდ და დისკუსიის გასამართად. რაც შეეხება ინიციატორების პირადად ჩემთან შეხვედრას – ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც საქართველო წარმოადგენს სამშობლოს”, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, თბილისში ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას დაარეგულირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები (მათ შორის მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია) მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონი საზოგადოებას სერიოზული დაპირისპირებებისგან დაიცავს და გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს.