„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს – შეხვედრას თინა ბოკუჩავა არ ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.
დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განმარტა, რა საკითხებზე მსჯელობს პარტიის პოლიტიკური საბჭო დღევანდელ სხდომაზე.
„დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები არის შემდეგი: პოლიტიკურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს უახლოეს ყრილობაზე, როდის უნდა ჩატარდეს ეს ყრილობა. ასევე, უნდა იმსჯელოს ყრილობის ჩატარების წესზე და უნდა განსაზღვროს დელეგატები, რომლებიც ყრილობაზე იქნებიან წარმოდგენილი და ექნებათ უფლებამოსილება კენჭისყრებში მონაწილეობა მიიღონ.
პოლიტიკური საბჭოს შეკრება არის პირველი ეტაპი. ჩვენი წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭო მთავარი ორგანო არის, რომელმაც უნდა განსაზღვროს და დაადგინოს ყრილობის თარიღი, ყრილობის მოწვევის წესი და ასევე, ვინ იქნებიან დელეგატები და რა რაოდენობა იქნება. ამას რომ დაადგენს პოლიტიკური საბჭო, შემდეგ დაინიშნება ყრილობა. ყრილობამ შემდეგ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება ექნება განსაზღვრული. დროებითი მმართველობითი ორგანოს მთავარი ფუნქცია იქნება, რომ 6 თვის განმავლობაში ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, მოამზადოს პარტია არჩევნებისთვის. ასევე, მოამზადოს და იმუშაოს რეფორმების საბჭოსთან ერთად, რომელიც არის პარტიის გარეთა ორგანო, მაგრამ ასევე დაანონსებულია, რომ იქნება რეფორმების საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით. პარტია უნდა მოემზადოს ძირეული რეფორმებისთვის და 6 თვის თავზე ჩაინიშნოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, სადაც კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა”,-განაცხადა წითლიძემ.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ არ ესწრება პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას.
მისი ინფორმაციით, ბოკუჩავა დედაქალაქში არ იმყოფება.
„ვიცი, რომ არ იმყოფება ფიზიკურად თბილისში. ეს არის ჩემი ინფორმაცია”,- განაცხადა წითლიძემ.
რაც შეეხება მომავალ ყრილობას, ყრილობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.